მეცნიერებმა შენიშნეს, რომ რუანდისა და კონგოს ტყეების ბინადარი გორილები დიდ ინტერესს იჩენენ სიკვდილის ფენომენისადმი.
მკვლევრებმა აღწერეს სამი შემთხვევა, როცა ეს არსებები რამდენიმე წუთის გარდაცვლილი სხვა გორილას სხეულის გარშემო გროვდებიან და აკვირდებიან, ფრუტუნებენ, ლოკავენ, ეხებიან ან ბეწვს უწმენდენ.
პირველი ორი შემთხვევა აღწერს ვერცხლისფერზურგიან მთის გორილებს (Gorilla beringei beringei), რომლებიც თავიანთ ტომის მკვდარი ლიდერების გარშემო შეიკრიბნენ. მესამე შემთხვევა კი ეხება აღმოსავლეთის დაბლობის გორილებს (Gorilla b. graueri), რომლებიც აქტიურად იკვლევდნენ სხვა ქვესახეობის გორილათა ნეშტებს.
სამივე შემთხვევის შესახებ მკვლევართა მიერ გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალაზე ჩანს, როგორ სხედან გორილები წყნარად, მკვდარი სხეულიდან 10 მეტრის მოშორებით, ხანდახან კი უახლოვდებიან, ეხებიან და ყნოსავენ.
ავტორთა განცხადებით, მსგავსი ქცევა ახასიათებთ სპილოებსაც, რომლებიც ხშირად იკრიბებიან თავიანთ სახეობის წარმომადგენელთა მკვდარი სხეულების ირგვლივ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიცოცხლეში მათ არასოდეს შეხვედრიან.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, გორილები თანაგრძნობასა და მწუხარებას გრძნობდნენ თავიანთ საყვარელ არსებათა სიკვდილის გამო, ისევე როგორც გამოხატავდნენ ცნობისმოყვარეობას სიკვდილის არსის მიმართ.
ავტორთა ცნობით, რუანდაში, ვულკანის ეროვნულ პარკში, როცა ასაკისგან მოკვდნენ ჯგუფის დომინანტი 35 წლის მამრი და 38 წლის მდედრი, ჯგუფის თითქმის ყველა წევრი მათი მკვდარი სხეულების სიახლოვეს შეიკრიბა.
ასევე აღსანიშნავია, რომ გვამებთან უფრო დიდხანს დარჩნენ ის გორილები, რომლებსაც მკვდრებთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.
მაგალითად, მკვდარი გორილას ხვადი დედის უსიცოცხლო სხეულზე ხან წვებოდა, ხან ჯდებოდა, შესცქეროდა მის სახეს და მის თავს ხელით ფრთხილად ამოძრავებდა.
როგორც მკვლევრები წერენ, ეს გორილა მკვდარი დედის სხეულს ხელით ვარცხნიდა და ძუძუს მოწოვასაც კი ცდილობდა.
თუმცა, გორილები მკვდარ სხეულებს ყოველთვის ასე ნაზად როდი ეხებოდნენ. მამრი გორილები ხშირად ნეშტებზე ჯდებოდნენ, კბენდნენ მკერდზე და ღრიალებდნენ.
ერთ მომენტში, დომინანტი გორილას მკვდარ სხეულს მისმა ვაჟმა ფეხიც მიარტყა, სხვა, უცხო გორილას სხეული კი ფერდობზე დააგორა.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საქციელი აგრესიად შეიძლება ჩავთვალოთ, მკვლევრები განმარტავენ, რომ ეს უბრალოდ იმ მარცხის ნიშანია, რომელიც გორილებმა მკვდარი თანამოძმეების უშედეგო გამოღვიძებისას განიცადეს.
აღმოსავლეთის დაბლობის გორილების შემთხვევაში, მთის გორილების მკვდარი სხეულებისადმი მათი მოქცევა საოცრად მშვიდობიანი იყო.
დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, ცხოველები ნეშტების გარშემო დადიოდნენ, უყურებდნენ სხვადასხვა კუთხიდან, ფრუტუნებდნენ, ლოკავდნენ და მუჯლუგუნს ჰკრავდნენ.
ცოტა უფრო დაძაბულები და ფრთხილები იყვნენ მდედრი ინდივიდები. მკვდარი სხეულის შესამოწმებლად ჯგუფიდან მხოლოდ ერთი მდედრი მივიდა. მკვლევართა აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ ტომის არაწევრი, უცხო გორილები ხშირად კლავენ ახალშობილ გორილებს.
ამ კვლევამ მეცნიერებს უკეთესი წარმოდგენა შეუქმნა გორილების მიერ სიკვდილის პროცესის აღქმის შესახებ, არა მხოლოდ თავიანთ ოჯახის წევრების, არამედ სრულიად უცხო გორილების სიკვდილის შემთხვევაშიც კი.
აღნიშნული მაგალითები ახალ სარწმუნოობას სძენს იმ არაერთ კვლევას, რომელთა მიხედვითაც, ადამიანები დედამიწაზე ერთადერთი ცხოველები არ არიან, რომლებიც მწუხარებას განიცდიან.
კვლევა PeerJ – the Journal of Life and Environmental Sciences-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია gizmodo.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.