გომბორზე დაშავებული ტურისტები საქართველოში ბელარუსის ელჩმა მოინახულა
გომბორზე ავარიის შედეგად დაშავებული ტურისტები საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა მოინახულა. თელავის რეფერალურ საავადმყოფოსა და ყამბარაშვილის კლინიკაში განთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიხაილ მიატლიკოვმა ინფორმაცია კლინიკის ხელმძღვანელებისგან მოისმინა.
„ბელარუსი ტურისტები მადლიერები არიან საქართველოს იმ მოქალაქეების, რომლებიც ავტობუსიდან გადმოსვლაში მიეხმარნენ, ასევე თელაველი ექიმების, რომლებმაც ქირურგიული და ფსიქოლოგიური დახმარება აღმოუჩინეს მათ“,- განაცხადა ელჩმა.
დაშავებული 25 ტურისტიდან თელავის კლინიკებში სამკურნალოდ დილამდე შვიდი პაციენტი რჩება.
„16-დან 15 პაციენტი უკვე გავწერეთ. კლინიკაში რჩება პოსტოპრაციული პაციენტი. 55 წლამდე ქალბატონი, რომელსაც ლავიწვის ძვლის მოტეხილობის გამო ჩაუტარდა ოპერაცია, რაც შეეხება მკურნალობის ხარჯებს, ტურისტები დაზღვეულები იყვნენ და ხარჯს შესაბამისი სადაზღვევო კომპანია დაფარავს”,- განუცხადა პირველ არხს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.
ყამბარაშვილის კლინიკაში მყოფი 9 პაციენტიდან ერთი თბილისში გადაიყვანეს, ორი კი კლინიკიდან გაეწერა.
გომბორის უღელტეხილზე ავტობუსი, რომელშიც ტურისტები ისხდნენ, დღეს დილით გომბორის უღელტეხილზე გადაბრუნდა.