თელავის საავადმყოფოდან გომბორზე ავარიის შედეგად დაშავებული ყველა პაციენტი გაწერეს
თელავის საავადმყოფოდან გომბორზე ავარიის შედეგად დაშავებული ყველა პაციენტი გაწერეს

თელავის რეფერალური საავადმყოფო გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულმა ყველა პაციენტმა დატოვა.

ამის შესახებ პირველ არხს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსმა, მაია მრელაშვილმა განუცხადა.

„ამ დროისათვის ჰოსპიტალში ავარიის შედეგად დაშავებულები აღარ გვყავს. ორი გადაყვანილია შესაბამისი პროფილის კლინიკაში, დანარჩენები ბინაზე გავწერეთ”,- განაცხადა მაია მრელაშვილმა.

ამასთან, ავარიის შედეგად დაშავებული სამი მოზარდი ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაშია გადაყვანილი, სამი არასრულწლოვანი იაშვილის კლინიკაში, ხოლო ოთხი პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს.

გომბორზე 9 ივნისს მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.

გამოძიების პირველადი ვერსიით, გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. მიკროავტობუსში ექსკურსიაზე მიმავალი ბავშვები, პედაგოგები და მშობლები იმყოფებოდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.