მარიამ ჯაში - ბავშვების გადაყვანასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სავალდებულო უნდა გახდეს ნებისმიერი ორგანიზაციისთვის
მარიამ ჯაში - ბავშვების გადაყვანასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სავალდებულო უნდა გახდეს ნებისმიერი ორგანიზაციისთვის

საგზაო მოძრაობის შესახებ რეგულაციები მცირეწლოვანი ბავშვების გადაყვანასთან დაკავშირებით გამკაცრდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა.

მისი თქმით, განათლებისა და კულტურის სამინისტროებს შემუშავებული აქვთ რეკომენდაციები, რომლის მიხედვით, ყველა სკოლა, ექსკურსიების ან ბავშვების სხვა მიზნით ტრანსპორტირების შემთხვევაში, უსაფრთხო გადაადგილების წესებს ითვალისწინებს.

მარიამ ჯაშის განცხადებით, რეკომენდაციები უნდა გახდეს სავალდებულო არამხოლოდ სკოლებისთვის, არამედ ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბავშვთა გადაყვანას.

მისივე თქმით, თუკი დადგება საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების საჭიროება, პარლამენტი მზად არის, ცვლილებები დაჩქარებულ ვადებში განიხილოს.

„დღეისთვის მოქმედებს ორი ძირითადი რეგულაცია. პირველი გახლავთ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი, რომლის 26-ე მუხლი ზუსტად აწესრიგებს განსაკუთრებულ ზომებს მცირეწლოვანი ბავშვების გადაყვანასთან დაკავშირებით, რომელიც სავალდებულოა აბსოლუტურად ყველა მძღოლისთვის და შესაბამისი გადამყვანისთვის. გარდა ამისა, განათლებისა და კულტურის სამინისტროებს აქვთ შემუშავებული რეკომენდაციები ,რომელიც ყველა სკოლისთვის არის მიწოდებული. ყველა სკოლა ექსკურსიების ან ბავშვების სხვა მიზნით ტრანსპორტირების შემთხვევაში, მაქსიმალურად ითვალისწინებს რეკომენდაციებს, მაგრამ რამდენადაც მეექვსეკლასელი ბავშვების გომბორის გზაზე ტრაგედიამ დაგვანახა, რეკომენდაციები უნდა გახდეს სავალდებულო არამხოლოდ სკოლებისთვის, არამედ ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბავშვთა გადაყვანას. ამ კუთხით გამკაცრდება რეგულაცია. დღეისთვის საუბარია, რომ შესაბამისი სამინისტროები ამ რეკომენდაციებს სავალდებულო სახეს მისცემენ ერთობლივი ბრძანების ან უფრო მაღალი საკანონმდებლო აქტის სახით. თუკი დადგება საკანონმდებლო დონეზე, საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილების საჭიროება, ბუნებრივია, მზად ვართ, დაჩქარებულ ვადებში განვიხილოთ ნებისმიერი ცვლილება“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

გომბორზე 9 ივნისს მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.

გამოძიების პირველადი ვერსიით, გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. მიკროავტობუსში ექსკურსიაზე მიმავალი ბავშვები, პედაგოგები და მშობლები იმყოფებოდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.