გომბორზე დაშავებული 25 ტურისტიდან ერთ-ერთს თელავში ოპერაცია უტარდება, მეორეს კი თბილისში გადაიყვანენ
გომბორზე დაშავებული 25 ტურისტიდან ერთ-ერთს თელავში ოპერაცია უტარდება, მეორეს კი თბილისში გადაიყვანენ

გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 25 ბელარუსი ტურისტიდან ერთს, ლავიწის ძვლის მოტეხილობის გამო, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

კიდევ ერთ დაშავებულ ტურისტს კი, რომელიც ყამბარაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, გულმკერდის ტრავმით თბილისში გადაიყვანენ.

ყამბარაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის, ავთანდილ ყამბარაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში მოთავსებული ცხრა პაციენტიდან ხუთს დღესვე გაწერენ.

„ერთს თბილისში გადავიყვანთ და დანარჩენს დაკვირვების მიზნით, ხვალ დღის მეორე ნახევრამდე დავტოვებთ კლინიკაში“, – განაცხადა ყამბარაშვილმა.

თავის ტვინის ტრავმით, სხვადასხვა დაჟეჟილობითა და ჭრილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 16 ტურისტი რჩება. მათგან ორი კლინიკაში სავარაუდოდ რამდენიმე დღეს დარჩება.

„ყველა პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. ერთს ლავიწვის ძვლის ქირურგიული ოპერაცია ამ წუთებში უკეთდება. არც ერთი პაციენტი არ საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას“, – განუცხადა პირველ არხს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭუნიაშვილმა.

გომბორის უღელტეხილზე ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა.