გომბორზე ავარიის დროს დაშავებულებიდან თელავის საავადმყოფოში რვა პაციენტი რჩება
გომბორზე ავარიის დროს დაშავებულებიდან თელავის საავადმყოფოში რვა პაციენტი რჩება

გომბორის უღელტეხილზე გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულებიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რვა პაციენტი რჩება. ამის შესახებ პირველ არხს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წუხელ ღამით და დღეს დილით თბილისში სულ ოთხი არასრულწლოვნის ტრანსპორტირება განხორციელდა. მათ შორის იმ ბავშვების, რომელთაც ავარიის შედეგად დედა და ბებია დაეღუპათ.

ჭონიაშვილის ინფორმაციით, საავადმყოფოში რჩება გოგონა, რომელსაც გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შვიდ პაციენტს თელავის რეფერალურ საავადმყოფოდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ.

გომბორზე 9 ივნისს მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.

გამოძიების პირველადი ვერსიით, გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. მიკროავტობუსში ექსკურსიაზე მიმავალი ბავშვები, პედაგოგები და მშობლები იმყოფებოდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.