გომბორის უღელტეხილზე დაშავებული სამი არასრულწლოვანი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
გომბორის უღელტეხილზე დაშავებული სამი არასრულწლოვანი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული

გომბორის უღელტეხილზე დაშავებული სამი არასრულწლოვანი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ისინი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში გუშინ გადაიყვანეს. როგორც კლინიკის პრესსამსახურში განაცხადეს, ერთი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ასევე, ავარიის შედეგად დაშავებული რამდენიმე პაციენტი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.

ამასთან, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობას რვა პაციენტი აგრძელებს. როგორც პირველ არხს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა,სტაციონარში რჩება გოგონა, რომელსაც გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე ინფორმაციით, შვიდ პაციენტს თელავის რეფერალურ საავადმყოფოდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ.

გომბორზე 9 ივნისს მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.

გამოძიების პირველადი ვერსიით, გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. მიკროავტობუსში ექსკურსიაზე მიმავალი ბავშვები, პედაგოგები და მშობლები იმყოფებოდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

დატოვე კომენტარი