გომბორზე ავარიისას დაშავებული არასრულწლოვანი ოპერაციის შემდეგ მკურნალობას თბილისში გააგრძელებს
გომბორზე ავარიისას დაშავებული არასრულწლოვანი ოპერაციის შემდეგ მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტებიდან თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის ხუთი არასრულწლოვანი და სამი ქალი რჩება. თუმცა დღის ბოლომდე სავარაუდოდ შვიდ პაციენტს ბინაზე გაწერენ. ამის შესახებ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების უფროსმა, მარიამ მრელაშვილმა განაცხადა.

„პოსტოპერაციულ ავადმყოფს უახლოეს პერიოდში გადავიყვანთ თბილისში. დანარჩენებსაც მალე გავწერთ ბინაზე. ნაოპერაციები გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შემდგომ მკურნალობას თბილისში გააგრძელებს”,- განაცხადა მრელაშვილმა.

ამასთან, გომბორის უღელტეხილზე დაშავებული სამი არასრულწლოვანი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ისინი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში გუშინ გადაიყვანეს. ასევე, ავარიის შედეგად დაშავებული რამდენიმე პაციენტი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.

გომბორზე 9 ივნისს მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.

გამოძიების პირველადი ვერსიით, გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. მიკროავტობუსში ექსკურსიაზე მიმავალი ბავშვები, პედაგოგები და მშობლები იმყოფებოდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.