გომბორის უღელტეხილზე ავარიის შედეგად დაშავებული სამი მოზარდი ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაშია გადაყვანილი
გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი მოზარდი ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაშია გადაყვანილი.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი მათგანი მოთავსებულია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში პოლიტრავმით, ერთი ბავშვი კი თერაპიული განყოფილებაში თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით.
იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული ავარიის დროს დაშავებული სამი არასრულწლოვანი. ერთი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ასევე, ოთხი პაციენტი მკურნალობს ღუდუშაურის კლინიკაში.
თელავის რეფერალური საავადმყოფოდან კი ყველა პაციენტი გაწერეს.
გომბორზე 9 ივნისს მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
გამოძიების პირველადი ვერსიით, გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. მიკროავტობუსში ექსკურსიაზე მიმავალი ბავშვები, პედაგოგები და მშობლები იმყოფებოდნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.