გოგი ოთხმეზური აცხადებს, რომ შეწყალების საკითხზე მასსა და სალომე ზურაბიშვილს შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა
ისტორიკოსი გოგი ოთხმეზური აცხადებს, რომ შეწყალების აქტთან დაკავშირებით მასსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.
ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა გამოიკითხოს თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე, ოთხმეზური პასუხობს, რომ ეს „არ აინტერესებს“.
„დეპუტატ გია ჟორჟოლიანს შეწყალების საკითხზე არ შევხვედრივარ. შეწყალების საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ. არიან ხელისუფლება და მთავარი პროკურატურა, რომლებიც რასაც საჭიროდ ჩათვლიან, ისე გააკეთებენ. სალომე ზურაბიშვილთან ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. მცდელობაც კი არ ყოფილა კომუნიკაციის“, – აცხადებს ოთხმეზური.
გოგი ოთხმეზური დღეს დეპუტატ გია ჟორჟოლიანს შეხვდა. ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ შეხვედრაზე განხილვის თემა არ ყოფილა შეწყალების საკითხი და საარჩევნო თემატიკაზე ისაუბრეს. ამასთან, გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გოგი ოთხმეზურთან ერთად მიიღოს მონაწილეობა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. ფაქტზე პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. ამასთან, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის იყო გოგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული პირი.