გია ჟორჟოლიანი - ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაუქმება და პარტიებისთვის თანაბარი საეთერო დროის გამოყოფა არჩევნების კონკურენტუნარიან და თანაბარ პირობებში წარმართვას შეუწყობს ხელს
გია ჟორჟოლიანი - ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაუქმება და პარტიებისთვის თანაბარი საეთერო დროის გამოყოფა არჩევნების კონკურენტუნარიან და თანაბარ პირობებში წარმართვას შეუწყობს ხელს

სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ითხოვს, რომ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა გაუქმდეს და არჩევნებზე რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თანაბარი საეთერო დრო გამოიყოს.

როგორც პრესკონფერენციაზე ჟორჟოლიანმა განაცხადა, საპარლამენტო არჩევნებს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება საქართველოს მომავალ განვითარებაში და არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს არჩევნები გახდეს თვისობრივად ახალი პოლიტიკური ეტაპის დასაწყისი.

დეპუტატის თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, ძირეულად შეიცვალოს, როგორც არსებული პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი, ასევე თავად პოლიტიკური დისკურსი და პოლიტიკის წარმართვის სტილი.

„დღეს პოლიტიკურ და მედია დღის წესრიგში წარმოდგენილი არიან, არა ის პარტიები, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს ან უმრავლესობას, არამედ ისინი, რომლებსაც აქვთ ფინანსური კაპიტალი. ფაქტობრივად ჩამოყალიბდა ორპარტიული „დიქტატურა“. არსებული ორპოლუსიანი სისტემა, სადაც ორი პარტია კინკლაობითა და პიროვნული დაპირისპირებითაა დაკავებული, უნდა შეიცვალოს. ნაცვლად ამისა, მნიშვნელოვანია შინაარსობრივი და ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკური დისკუსიის წარმართვა. ამისთვის აუცილებელია მოხდეს ახალი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალების წარმოდგენა. ხალხს კი, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, კონკურენტუნარიან და თანასწორი შესაძლებლობების მქონე საარჩევნო გარემოში, პასუხისმგებლიანი და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული არჩევანი გააკეთოს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაუქმება და არჩევნებზე რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თანაბარი საეთერო დროის გამოყოფა ხელს შეუწყობს არჩევნების კონკურენტუნარიან და თანაბარ პირობებში წარმართვას.

„კანონპროექტის მიზანია, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაუქმება და არჩევნებზე რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თანაბარი საეთერო დროის გამოყოფა. ეს ხელს შეუწყობს არჩევნების კონკურენტუნარიან და თანაბარ პირობებში წარმართვას, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ სრულფასოვანი შესაძლებლობა, მოქალაქეებს სრულყოფილად მიაწოდონ თავიანთი პოლიტიკური ხედვა. ეს უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ფართო არჩევანი და რეალურად მრავალფეროვან ალტერნატიულ ხედვებს შორის მათთვის სასურველი აირჩიონ“, – აღნიშნავს გია ჟორჟოლიანი.