გოგა კვარაცხელია - გვქონდა ვარიანტი, მეტრო „ვარკეთილში“ ჭერი არ ჩამოგვეკიდა, მაგრამ ე.წ. ქოლგების მოპირკეთება შეუძლებელი იყო
გოგა კვარაცხელია - გვქონდა ვარიანტი, მეტრო „ვარკეთილში“ ჭერი არ ჩამოგვეკიდა, მაგრამ ე.წ. ქოლგების მოპირკეთება შეუძლებელი იყო

გვქონდა ვარიანტი, რომ მეტრო „ვარკეთილში“ ჭერი საერთოდ არ ჩამოგვეკიდა, მაგრამ ე.წ. ქოლგები ვიზუალურად ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მისი მოპირკეთება ფიზიკურად შეუძლებელი გახლდათ და შეკიდული ჭერის გაკეთება სწორედ ამიტომ გადაწყდა, – ამის შესახებ კომპანია „გეომეფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგა კვარაცხელიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა კომპანია „გეომეფის“ მიერ დადებული პროექტი მერიის სისტემაში შემავალი სატრანსპორტო კომპანიის მოთხოვნასთან შესაბამისობაში, გოგა კვარაცხელიამ თქვა, რომ იყო.

მისი თქმით, კომპანია „გეომეფს“ შპს „ყვარელრემმშენის“ მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების საავტორო ზედამხედველობა ჰქონდა დავალებული და არა ტექნიკური ზედამხედველობა.

„ჩვენს კომპანიას რამდენიმე ობიექტი აქვს ჩაბარებული და ტექნიკური ზედამხედველობის კუთხითაც მუშაობს, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლები ყოველდღიურად ახორციელებენ მოცულობის, ხარისხის და უსაფრთხოების ზედამხედველობას, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ საავტორო ზედამხედველობა გვქონდა დავალებული და ობიექტზე ვიზიტს ამის ფარგლებში ვახორციელებდით“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

როგორც კომპანია „გეომეფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ადრეც შეკიდული ჭერი იყო, მხოლოდ ქვის იმიტაციის წვადი მასალით და პროექტირების პროცესში კომპანიამ საარქივო მასალებით იხელმძღვანელა.

„ვიცოდით, დაახლოებით, სად რა ანკერი იყო, მაგრამ გამოკვლევას ვერ ვაწარმოებდით, რადგან დაფარული იყო და სამშენებლო სამუშაოების ჩატარება და ჭერის სრული დემონტაჟი ფაქტიურად, ჩვენ მოგვიწევდა. როცა „ყვარელრემმშენმა“ სამშენებლო სამუშაოების წარმოება დაიწყო და არსებულ ჭერს დემონტაჟი გაუკეთა, ანკერები გამოჩნდა, რომლებიც გამოვიკვლიეთ. სათითაოდ, ყველა ანკერზე დავკიდეთ დაახლოებით, 10–ჯერ უფრო მძიმე ტვირთი, რასაც ანკერებმა გაუძლო. ეს კონსტრუქცია დღესაც ადგილზეა და არსად არ წასულა. ამის ფოტო და ვიდეო მასალაც არსებობს“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ქოლგის ნაწილში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, მიმართა თუ არა კომპანია „გეომეფმა“ სატრანსპორტო კომპანიას, გოგა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ამის სურვილი თვითონ სატრანსპორტო კომპანიასაც ჰქონდა, მაგრამ ბიუჯეტი ქოლგის გამოცვლის საშუალებას არ იძლეოდა.
„ე.წ ქოლგა შესაძლოა, შესაცვლელი იყო, მაგრამ საქართველოს დღეს ამის ფუფუნება არ აქვს“, – განაცხადა გოგა კვარაცხელიამ.