გოჩა ლორთქიფანიძე - ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებები აღდგეს
სტრასბურგის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრა ცალკე პროცედურა კომპენსაციების გადასაწაყვეტად, რაც გულისხმობს მხარეებისადმი მიცემულ ერთწლიან ვადას, რომლის განმავლობაშიც პოზიციები უნდა იქნას გაცვლილი და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და აღსრულების ეტაპზე გადაინაცვლებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ, რათა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, მოქალაქეების დარღვეული უფლებები აღდგეს.
„რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულებას, როგორც იცით, ჩვენ ვართ ამ პროცესის დასაწყისში. რამდენადაც სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრა ცალკე პროცედურა კომპენსაციების გადასაწაყვეტად, რაც გულისხმობს მხარეებისადმი მიცემულ ერთწლიან ვადას, რომლის განმავლობაშიც პოზიციები უნდა იქნას გაცვლილი და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც აღსრულების ეტაპზე გადაინაცვლებს.
რამდენად შესრულდება, არის მეორე მომენტი. იუსტიციის სამინისტრო, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს საერთაშორისო დავებში, არასდროს არ ხელმძღვანელობს ამ მომენტით. იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას და ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, აღდგეს ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებები“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.