პაატა მანჯგალაძე - ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობა არ გვაქვს და პროტესტის ყველა ფორმა მისაღებია
პაატა მანჯგალაძე - ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობა არ გვაქვს და პროტესტის ყველა ფორმა მისაღებია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „მაქარაშვილისა და სხვების საქმეზე“ სტრასბურგის გადაწყვეტილებას სრულფასოვნად არ გაცნობია.

მისივე თქმით, ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობა არ არის, რის გამოც პროტესტის ყველა ფორმა მისაღებია.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სრულფასოვნად არ ვიცნობ, რომ დეტალურად ვისაუბრო. დემოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფოს ბლოკირება სწორი არ არის, მაგრამ როცა პრორუსულ უმცირესობას უზურპირებული აქვს პროდასავლელი ქართველი ერის ნება, მსგავსი ქმედება გამართლებულია. ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობა არ გვაქვს და პროტესტის ყველა ფორმა მისაღებია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის ნოემბერში დემონსტრაციისას პარლამენტის შესასვლელების სრული ბლოკირება და პოლიციის ძალისხმევის შეფერხება შეიძლება, შეფასდეს დასაგმობ საქციელად. სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ გამოიჩინა გარკვეული ტოლერანტობა შეკრებილების მიმართ. სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, გიგა მაქარაშვილსა და ზურაბ ბერძენიშვილს ადმინისტრაციული სასჯელი პატიმრობის სახით შეეფარდათ არა საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის ან მათში მონაწილეობისთვის, არამედ იმისთვის, რომ მათ გადაკეტეს გზა პოლიციის მცდელობისას, გაეხსნა გასასვლელი პარლამენტის შენობისკენ.

ამასთან, რაც შეეხება კიდევ ერთ მოსარჩელეს, კაჭარავას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას.