გოჩა ლორთქიფანიძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია
გოჩა ლორთქიფანიძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ  პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

გოჩა ლორთქიფანიძის ანგარიში 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ეხება

„დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას, ადასტურებს, რომ – ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია; საომარი მოქმედებების შედეგად რუსეთმა განახორციელა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის (ანუ საქართველოს განუყოფელი ნაწილის) ოკუპაცია, მაშასადამე, რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ეფექტური კონტროლი.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა და რუსეთის აღნიშნულ პოლიტიკას დღემდე განგრძობადი ხასიათი აქვს. სასამართლო გადაწყვეტილებაში იყენებს ცნებას „ეთნიკური წმენდა“; რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის და ოკუპაციის განმახორციელებელ  სახელმწიფოს, ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცოცავი ოკუპაციის შედეგებისთვის დე ფაქტო ორგანოების ქმედებების ჩათვლით, ანუ ნებისმიერი ინციდენტისათვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თუ ოკუპირებულ რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ამ შემთხვევაშიც განავითარა პრაქტიკაში დამკვიდრებული და „ეფექტურ კონტროლს“ პირდაპირ უწოდა „ოკუპაცია“;

სასამართლომ სეპარატისტების რუსეთზე დაქვემდებარება, ანუ რუსეთის კონტროლი დაადგინა განგრძობადად – 2008 წლის ომამდე, ომის განმავლობაში და შემდგომ პერიოდში;

მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო, ფაქტობრივად, ამბობს: გადაადგილების თავისუფლების (მე-4 ოქმის მე-2 მუხლი) დარღვევა განგრძობადია და დღემდე გრძელდება, ხოლო რუსეთს სასამართლომ პირდაპირ დააკისრა დევნილების უკან დაბრუნების ვალდებულება, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ აღსრულების ეტაპზე;

სასამართლომ ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში დარღვევა დაადგინა რუსეთის მხრიდან ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს 2018 წელს ჩვენ მიერ შეტანილ სახელმწიფოთაშორის საჩივარს, რომელიც განგრძობადი ოკუპაციის შედეგებს და რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში;

სასამართლომ, ასევე, ფაქტობრივად, თქვა, რომ რუსეთის მხრიდან, სავარაუდოდ, ომის დანაშაულები იქნა ჩადენილი საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ეტაპზე (8-12 აგვისტო), რისი გამოძიების ვალდებულებაც მას ჰქონდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების საფუძველზე. სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს 2008 წლის მოვლენების და ამ პერიოდში ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ადეკვატურად და ეფექტურად გამოძიების საშუალებას არ აძლევს, რაც ჰააგის სასამართლოს მიერ მისი იურისდიციის მიხედვით ამ დანაშაულების გამოძიებას და ჩვენს თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან აუცილებლობად ხდის“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

დატოვე კომენტარი