გოჩა ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნების“ მთავრობა არ არის ის მთავრობა, რომელიც ჩვენ მიერ გაწეულ დიდ სამუშაოს და 700-მდე მტკიცებულებას ქვეყანას დაამადლის, ეს იყო ჩვენი მოვალეობა
გოჩა ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნების“ მთავრობა არ არის ის მთავრობა, რომელიც ჩვენ მიერ გაწეულ დიდ სამუშაოს და 700-მდე მტკიცებულებას ქვეყანას დაამადლის, ეს იყო ჩვენი მოვალეობა

„ქართული ოცნების“ მთავრობა არ არის ის მთავრობა, რომელიც 2013 წლიდან ჩვენ მიერ გაწეულ დიდ სამუშაოს და 700-მდე მტკიცებულებას ქვეყანას დაამადლის, რადგან ეს იყო ჩვენი მოვალეობა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ეს მოვალეობა პირნათლად შესრულდა.

„ქართული ოცნების“ მთავრობა არ არის ის მთავრობა, რომელიც, ბაშარულის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, სოფრომაძის, ანწუხელიძის, როცა ვლაპარაკობ ამას, განვიცდი, რომ არ გამომრჩეს რომელიმე, ქვეყანას დაამადლის იმას, რომ 2013 წლიდან, მიუხედავად ჩვენი ოპონენტების განცხადებისა, რაოდენ დიდი სამუშაო გავწიეთ და 700-მდე მტკიცებულება მოვიპოვეთ, ვერ დაამადლის ამ ქვეყანას, რადგან ეს იყო ჩვენი მოვალეობა. ჩვენი პასუხისმგებლობის პერიოდია 2013 წლიდან დღემდე და ეს მოვალეობა პირნათლად შევასრულეთ.

სამართლებრივი თვალსაზრისით, 21 იანვრის გადაწყვეტილებამ დაასამარა ერთგვარი დილემა საერთაშორისო სამართალში – თვითგამორკვევა ვერსუს ტერიტორიული მთლიანობა. არც დაასამარა ამ გადაწყვეტილებამ, მაგრამ თვითგამორკვევის უფლების გამოყენებამდე საკითხი არც მიდის, გამომდინარე 21 იანვრის გადაწყვეტილებიდან და რატომ. ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს გაუჩინა ვალდებულება, არ აღიაროს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის შედეგად შემდგარი ვითარება. ეს კონკრეტულად ეხება იმ ვითარებას, რაც გვაქვს ოკუპირებულ რეგიონებში და მით უმეტეს, ამას ამყარებს ეთნიკური წმენდის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება. მან დაადგინა, რომ ეთნიკური ნიშნით გადაწვა, გამოძევება, მკვლელობები, ყველაფერი ერთიანად ექცევა ეთნიკური წმენდის ფარგლებში და არ ერიდება ამ ცნების ინტენსიურად გამოყენებას. სხვათა შორის, ეს არის ძირეული არ აღიარების რეჟიმის შესანარჩუნებლად. იმიტომ, რომ ადრე, როდესაც ვლაპარაკობდით ოკუპირებული რეგიონების არ აღიარებაზე, საერთაშორისო თანამეგობრობა და მისი წევრი სახელმწიფოები შეჩვეული არიან იმას, რომ ეს განიხილება პოლიტიკურ კონტექსტში ან ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში. ახლა, ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ გვაქვს მრავალმხრივი ვალდებულება არ აღიარების, თანაც სამართლებრივი ვალდებულება, რაც რა თქმა უნდა, ასამარებს ყოველგვარ მცდელობებს თვითგამორკვევის უფლების რეალიზების და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ უფლების რეალიზებამდე არც მივდივართ, გამომდინარე იმ ვითარებიდან, რა ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონებში.

აქ იყო ნახსენები, რა ზეგავლენას მოახდენს, რა საშუალებები გვაქვს სხვა საერთაშორისო სასამართლოებთან მიმართებაში. ჩვენ ვაანალიზებთ ამ გადაწყვეტილებას და გამოვიყენებთ ნებისმიერ საერთაშორისო სასამართლოში, არა მხოლოდ ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოში. ოღონდ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ჩვენი სტრატეგიის ძირითადი ნაწილია, ეს გავაკეთოთ მომზადებულად. ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყველა წინაპირობა, სამართლებრივი, საერთაშორისო გარემო, პოლიტიკური, ერთიანი მიდგომა. როდესაც ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს პირობები უზრუნველყოფილია და წარმატების მაღალი შანსი არსებობს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ საერთაშორისო სასამართლოებს. ამას ვლაპარაკობ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც იუსტიციის სამინისტროს მთავრობის სახელით საერთაშორისო სასამართლოებში დავების წარმოების თვალსაზრისით გააჩნია“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან ადამიანების გატაცების თითოეული ფაქტი, 2018 წლის სახელმწიფოთაშორისი საჩივრის დამატებითი მტკიცებულებაა.

„საოკუპაციო ხაზის გასვწვრივ იტაცებენ ადამიანებს, ხდება მკვლელობები, გატაცებები. ყველა ასეთი შემთხვევა, ნებისმიერი ასეთი ფაქტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის კონტროლს ქვეშ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, 2018 წლის ახალ, ყველაზე ბოლო საჩივარზე მტკიცებულებას ამატებს, რომელიც, სხვათა შორის, ფოკუსირებულია ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე. შესაბამისად, ყველა ეს ინციდენტი, მკვლელობა, გატაცება აძლიერებს 2018 წლის სახელმწიფოთაშორისო საჩივარს. ჩარჩო საჩივარი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციის ქმედებები მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში იძლევა მეტ და მეტ მტკიცებულებებს. ხაზს გავუსვამ, რომ 2008 წლის საჩივრის ფარგლებშიც ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე გვქონდა სტრატეგია. სასამართლომ ადმინისტრაციული პრაქტიკა დაადგინა, დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპირებულ რეგიონებში ქმედებებზე, მიუხედავად იმისა, უშუალოდ რუსეთის ფედერაცია ჩადის, თუ მის მიერ კონტროლირებული სეპარატისტული დაჯგუფებები. შესაბამისად, ბოლო საჩივრის იურისდიქციის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, ასევე ადმინისტრაციული პრაქტიკა უკვე დადგენილია. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი ინსტრუმენტი რუსეთის ქმედებებზე საპასუხოდ. როგორც აღინიშნა, უკვე შევიდა ახალი საჩივარი. 2008 წლის საქმის წარმოების გამოცდილების, ანალიზის გათვალისწინებით, ჩვენ უკვე შევიტანეთ ზეპირი მოსმენიდან სამიოდე თვეში“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.