გიორგი წოწკოლაური - მომავალი წლისთვის ბიუჯეტი 279 მილიონ ლარამდე გვეზრდება
გიორგი წოწკოლაური - მომავალი წლისთვის ბიუჯეტი 279 მილიონ ლარამდე გვეზრდება

მომავალი წლისთვის ბიუჯეტი 279 მილიონ ლარამდე გვეზრდება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„აღნიშნული ბიუჯეტის ზრდა მიმართული იქნება კონკრეტულად სოციალური პროექტებისკენ. ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი უკვე გახმოვანდა – პენსიების ზრდა. პირველი იანვრიდან პენსიების ზრდა იქნება ასაკით პენსიონერებისთვის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული, 18 წლამდე ასაკის შშმ პირებისთვის, ხოლო პირველი ივლისისთვის იქნება მეორე ტალღა, როცა პენსია 30 ლარით მოიმატებს 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული, 18 წლამდე ასაკის შშმ პირებისთვის. აქვე გეტყვით, რომ 70 წელს ზემოთ პენსიონერი და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული, 18 წლამდე ასაკის შშმ პირი ერთობლივად 850 000-ზე მეტი მოქალაქეა“, – განაცხადა წოწკოლაურმა.

მისი თქმით, ეს არ არის დასასრული და ამ ზრდაზე პირდაპირპროპორციულადაა მიბმული მაღალმთიან რეგიონებში დასახლებული პენსიონერებისთვის პენსიების ზრდა.

„მათ 20% დანამატი ექნებათ და ასევე, იქ განთავსებული ამბულატორიების ექიმებსა და ექთნებს ხელფასზე ექნებათ დანამატი. ექიმებს ორი პენსიის ოდენობით, ხოლო ექთნებს ერთი პენსიის ოდენობით“, – განაცხადა წოწკოლაურმა

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ადეკვატურია პენსიები იმ საჭიროებებთან, რაც მოსახლეობას აქვს, რა სოციალური ეფექტის მომტანი იქნება პენსიების ზრდა და რამდენად შეიძლება, ამან სიღარიბე შეამციროს, გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა, რომ გათვლები ოპტიმალურად არის გაკეთებული.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტულად, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის და ზოგადად, 70 წელზე ზემოთ ადამიანისთვის პენსიის 50-ლარიანი ზრდა. ვფიქრობ, ეს თითოეული ოჯახისთვის და თითოეული პენსიონერისთვის ძალიან დიდი დახმარება იქნება, რაც მათ ყოფას გააუმჯობესებს“, – განაცხადა წოწკოლაურმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობაში არსებობს განცდა სოციალური მუშაკების მიერ ქულების შეფასების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რის გამოც სამინისტრომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგა.

„ვყიდულობთ შესაბამის პლანშეტებს, რითაც სოციალური აგენტები ივლიან და ვიზიტის დროს კონკრეტულ ლოკაციას დააფიქსირებენ; გადაიღებენ სურათებს, ვიდეოს, რომელსაც თავისი შეწონვითი კრიტერიუმი ექნება და კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნება იმისთვის, რომ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა ვმუშაობდეთ“, – განაცხადა წოწკოლაურმა.

მისივე თქმით, 2020 წელს დევნილ ოჯახებს დაახლოებით, 2 500-მდე ბინა გადაეცემა. ასევე, პროექტის „სოფლად სახლის“ ფარგლებში სოფლად შეძენილ იქნება 600-ზე მეტი სახლი, 190-მდე ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა მუდმივი საცხოვრებელი და მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება ქონების დაკანონების კუთხით, რითაც 3 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი შეძლებს იმ ფართების დაკანონებას, სადაც ამჟამად ცხოვრობენ.

„ვაპირებთ, მომავალი წლისთვის მუდმივი საცხოვრებელი ფართით დაახლოებით, 7 000-მდე ოჯახი დავაკმაყოფილოთ. მერწმუნეთ, ეს ამ ბოლო რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთი გრანდიოზული წელი იქნება“, – განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.