გიორგი ვაშაძემ სოფელ დიდ დმანისში აუქციონით შეძენილი მიწის ნაკვეთის ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა
გიორგი ვაშაძემ სოფელ დიდ დმანისში აუქციონით შეძენილი მიწის ნაკვეთის ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ დმანისში აუქციონით მოგებული მიწის ნაკვეთის ხელშეკრულების დასადებად იყო დაბარებული, თუმცა, ამ ხელშეკრულებას მან ხელი არ მოაწერა. როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ხელს მხოლოდ მას შედეგ მოაწერს, რაც, მისი თქმით, არსებული ხარვეზები აღმოიფხვრება.

ვაშაძის განცხადებით, აზომვითი სამუშაოების შედეგად გაირკვა, რომ ტერიტორიის ნაწილი, რომელიც აუქციონის შედეგების მიხედვით მათ უნდა გადაეცეთ, ამ დრომდე „არემჯი გოლდს“ აქვს უკანონოდ მითვისებული და საქმიანობას ეწევა.

რაც შეეხება ვადებს, ვაშაძის თქმით, ის არ ირღვევა, რადგან 45 დღის ვადაში მათ სააგენტოსთვის მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით უნდა მიემართათ, რაც გააკეთეს.

„45 დღეში ჩვენ უბრალოდ უნდა მიგვემართა ხელშეკრულების გაფორმების კუთხით და მოვითხოვეთ ჯგუფის გამოყოფა იმ მთელ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც დავადასტურეთ ამ მიწაზე. დღეს დაგვახვედრეს ორი გოგონა, რომელიც უბრალოდ იმეორებდა, რომ ჩვენ მარტო უფლებამოსილები ვართ, გავაფორმოთ ხელშეკრულება. რა თქმა უნდა, ჩვენ წამოვიღეთ ხელშეკრულება, გაგზავნილი გვაქვს კონკრეტული დარღვევები, რომელიც ჩვენი სამართლებრივი სტატუსის შემდეგ აზომვითი ნახაზებით დავადგინეთ. ამაზე გვწერენ, რომ დარღვევები არ არის, არადა მათივე წარმომადგენლები, რომლებიც ესწრებოდნენ აზომვით სამუშაოებს, აღიარებენ, რომ ნამდვილად უკანონოდ სარგებლობს „არემჯი გოლდი“ ამ ტერიტორიით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დატოვების შემდეგ.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში რამდენიმე საათით ადრე განაცხადეს, რომ აუქციონში გამარჯვებული გიორგი ვაშაძე ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„აუქციონის მიმდინარეობისას ნებისმიერ დაინტერესებულ სუბიექტს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, ადგილზე დაეთვალიერებინა საიჯარო მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვებაზე გაცემული ლიცენზია. საიჯარო მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული მართვის პულტი და მიწის ნაკვეთს გააჩნია აუცილებელი მისასვლელი გზა. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ნივთობრივი ნაკლის მქონე ობიექტს. ასევე განგიმარტავთ, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებად მონაცემებს განსაზღვრავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც განცხადებაში მითითებული გარემოებები ამონაწერში ასახვას არ ექვემდებარება. აქვე შეგახსენებთ, რომ “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით განკარგვისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას აუქციონის შედეგები უქმდება, თუ ზემოაღნიშნულ ვადაში საიჯარო უძრავ ქონებაზე შესაბამისი ხელშეკრულება არ გაფორმდება“, – აღნიშნულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.