გიორგი ვაშაძე - ცვლილებების დრო მოვიდა, დიახ, ვცვლით ხელისუფლებას
გიორგი ვაშაძე - ცვლილებების დრო მოვიდა, დიახ, ვცვლით ხელისუფლებას

ცვლილებების დრო მოვიდა, დიახ, ვცვლით ხელისუფლებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან ერთად, „დაბალი ხელფასი უდრის უმუშევრობას“ პრეზენტაციის წარდგენისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, საქართველოს მოქალაქე ღირსეულად იცხოვრებს თავის სამშობლოში.

„ცვლილებების დრო მოვიდა. თუ გვინდა, ხელფასი იყოს მაღალი, ქვეყანაში იყოს დასაქმება, ფასები ასე კატასტროფულად არ იზრდებოდეს, თუ გვინდა, ჩვენი ემიგრანტები ქვეყანაში დაბრუნდნენ, ჩვენ გვჭირდება ცვლილებები.

პირდაპირ ვამბობ. დიახ, ვცვლით ხელისუფლებას, ვიღებთ ყველა ევროპული რეკომენდაციით რეფორმებს, ვხვდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, შემოგვაქვს ევროპული და ამერიკული ინვესტიციები, ბრუნდებიან ემიგრანტები საქართველოში და საქართველოს მოქალაქე ღირსეულად ცხოვრობს თავის სამშობლოში. დაცლილი კი არ იქნება სახლები, არამედ სახლებში ყველგან იქნება ხალხი, იცხოვრებს ყველა თავის სახლში, ოჯახები გაერთიანდებიან, მშობლები შვილებთან ერთად იმუშავებენ და მაქსიმალურად სწორად წავა პროცესი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.