გიორგი ვაშაძის განცხადებით, კავთისხევში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება იყო
გიორგი ვაშაძის განცხადებით, კავთისხევში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება იყო

კავთისხევში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, ზურა გირჩი ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას „დროას“ პოლიტიკური გაერთიანების, პარტია „ახლისა“ და „რესპუბლიკელების“  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად შეხვედრაზე მყოფმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაადასტურა.

ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა საერთო სამოქმედო გეგმა იყო, თუ როგორ გახდეს საქართველო დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

„ჩვენ ოპოზიციას გვაქვს კოორდინაცია და ერთი მისწრაფება, რომ გავხდეთ ევროპის წევრი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შეხვედრები გავმართოთ, სადაც გვექნება კონსულტაციები საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით და ამას ვაკეთებთ. აბსოლუტურად საჯაროდ ვაცხადებთ ამას. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ვიმსჯელეთ იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“, ივანიშვილის პარტიამ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, მათი სამოქმედო გეგმაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

„მთავარი მოთხოვნაა რუსული კანონის უკან გაწვევა და ყველამ აგოს პასუხი, მოროდიორმა, რომელიც არის გადაცმული შინაგან საქმეთა სამინისტროს ფორმაში. კანონი რუსულია იმიტომ, რომ ამ კანონით უნდათ ავტორიტარული რეჟიმის დამყარება და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების ხელის შეშლა, რომელიც შედის რუსეთის ინტერესში. ზუსტად ასე მოხდა სხვა ქვეყნებში, სადაც დემოკრატია საბოლოოდ დასამარდა და განსხვავებულ აზრს ებრძვის ეს ყველაფერი. თუ კონკრეტული მაგალითები გინდათ, რუსეთში მიღებულ კანონში მესამე მუხლი და საქართველოში მიღებული მესამე მუხლი არის ერთი და იგივე. პუტინის არგუმენტაცია და მდინარაძე-კობახიძის ინიციატივა არის ერთი და იგივე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ არა მარტო შინაარსობრივად რუსულია ეს კანონი, არამედ რუსულიდან გადმოწერილი“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ასევე, მისივე თქმით, მიმდინარეობს ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

ამასთან, ვაშაძეს მიმდინარე საპროტესტო აქციების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი უცხოელი პარტნიორები.