გიორგი ვაშაძე - უმძიმეს ვითარებაშია სამედიცინო პერსონალი, თუ ექიმი არ არის დაფასებული და უზრუნველყოფილი, პაციენტებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, რადგან ხარვეზით მუშაობს სისტემა
გიორგი ვაშაძე - უმძიმეს ვითარებაშია სამედიცინო პერსონალი, თუ ექიმი არ არის დაფასებული და უზრუნველყოფილი, პაციენტებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, რადგან ხარვეზით მუშაობს სისტემა

ექიმი თუ არ არის დაფასებული და უზრუნველყოფილი, პაციენტებს, ადამიანებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, რადგან მუდმივი ხარვეზით მუშაობს სისტემა, – ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ჯანდაცვის სფეროში მილიარდობით თანხა იხარჯება, თუმცა ეს მედპერსონალზე არ ისახება, რადგან ქვეყანაში მონოპოლიაა.

„უმძიმეს ვითარებაშია სამედიცინო პერსონალი, ექიმები, ექთნები, სანიტრები. ხელფასები არის ძალიან დაბალი, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასებია ამ მიმართულებით. მილიარდები იხარჯება და ექიმებამდე ეს არ მიდის. თუ ექიმი არ არის დაფასებული და უზრუნველყოფილი, პაციენტებს, ადამიანებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, რადგან მუდმივი ხარვეზით მუშაობს სისტემა.

მინდა, კითხვა დავუსვა ისევ და ისევ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს, მილიარდებს რომ ხარჯავთ სამედიცინო სექტორში, რატომ არ უმჯობესდება ექიმების, ექთნების, სანიტრების მდგომარეობა, რომლებიც ხშირად 200-300 ლარზე არიან? უმძიმესი ვითარებაა, რატომ არაფერი მათ და ყველაფერი თქვენ? იმიტომ, რომ ამ სექტორშიც არის მონოპოლია, ჯიბე ივსება მონოპოლიის წარმომადგენლების და ექიმი, ექთანი, სანიტარი ისევ და ისევ არის ყურადღების გარეშე და კაპიკებზე უწევთ მუშაობა, უბრალოდ, იმიტომ, რომ მათ უნდათ, ადამიანები იყვნენ ჯანმრთელები და მოუარონ ჩვენს თანამემამულეებს“, – განაცხადა ვაშაძემ.