გიორგი ტყემალაძე - საზოგადოებას, მინდა, ვუთხრა, ნუ ენდობიან ჩვენი ოპონენტების ცრუ ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ მათ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება
საზოგადოებას, მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა, ნუ ენდობიან ჩვენი ოპონენტების მიერ გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ მათ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებზე მსჯელობენ.
ტყემალაძე დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა.
„მინდა, მივმართო ჩვენს ოპონენტებს, საკრებულოში მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში მე არ მახსენდება ერთი პროექტი ან ინიციატივა, რომელმაც დაიმსახურა თქვენი მოწონება. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თქვენ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული, გამოძრავებთ მხოლოდ პირადი პარტიული მიზნები და ისინი არ ემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. აქ, მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ შეუძლებელია, ყველა პროექტი განხილული იყოს უარყოფით კონტექსტში. ჩვენი ოპონენტები ნამდვილად გამოირჩევიან კონკრეტული გვარების მიმართ ინტერესით. ეს ცხადად გამოჩნდა გუშინ კომისიაზე გაჟღერებულ განცხადებებშიც. იმავე არეალში უფრო მეტი სიმჭიდროვის მქონე განაშენიანების რეგულირების გეგმა დაგვიმტკიცებია, თუმცა ამას არ გამოუწვევია არანაირი უკმაყოფილება და პროტესტი. ეს არ იყო მათთვის საინტერესო, რადგან მათი შინაარსი არ იყო ხელსაყრელი კონკრეტული პარტიული მიზნების მიღწევისთვის“, – განაცახად ტყემალაძემ.
მისი თქმით, საზოგადოება ყველაფერს ნათლად ხედავს, მოქალაქეები აკვირდებიან ქალაქის აღმშენებლობის პროცესს და თავად შეაფასებენ ვითარებას, თუ რამდენად უწყობს ხელს კონკრეტული პროექტი ქალაქის ურბანულ განვითარებას.
„მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების შემდეგ იწყება პროექტების განხორციელებაზე მუშაობა. სწორედ ამიტომ, საზოგადოებას, მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა: ნუ ენდობიან ჩვენი ოპონენტების მიერ გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ მათ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. ოპოზიციის წარმომადგენლები სრულიად გათავისუფლებული არიან პასუხისმგებლობებისგან – ისინი ვერ იაზრებენ იმ ინვესტიციების მნიშვნელობას, რომელთა განხორციელება ჩვენი ქალაქის მრავალმხივი განვითარებისთვის აუცილებელია. ხაზგასმით ვამბობ, აქ ყველა პროცედურა არის გამჭვირვალე და ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ზედმიწევნით ადევნონ თვალი ყველა პროცესს“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.