გიორგი ტყემალაძე - ოპოზიციას მოვუწოდებ, საგნობრივად ისაუბროს და გენერალური გეგმის განხილვა არ გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში
გიორგი ტყემალაძე - ოპოზიციას მოვუწოდებ, საგნობრივად ისაუბროს და გენერალური გეგმის განხილვა არ გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან ოპოზიციას შეახსენა, რომ არაერთხელ მოუწოდა მაქსიმალურად ყოფილიყვნენ ჩართულნი გენერალური გეგმის განხილვის პროცესში.

„ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად ამომწურავად გავაანალიზოთ დოკუმენტი, რადგან ეს ეხება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ქალაქს და თითოეულ ჩვენთაგანს. ასე რომ, თქვენი ვალდებულებაც არის, საკითხი განიხილოთ არა პოლიტიკურ ჭრილში, არამედ შინაარსობრივად. თქვენ ამ პროცესში ისე მოიქეცით როგორც ყველა საკითხზე იქცევით ხოლმე და ნაცვლად იმისა, რომ შინაარსობრივად გაანალიზოთ დოკუმენტი, დაიწყეთ არასაგნობრივად, აბსოლუტურად სხვა თემების შემოტანა, რომ როგორმე ნეგატივში გადაიყვანოთ პროცესი, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს არ გამოგივათ,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისი ინფორმაციით, „სითი ინსტიტუტთან“ და მერიასთან ერთად, მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შესაბამისად, დოკუმენტი, რომელსაც საკრებულო განიხილავს, უკვე ხარვეზებაღმოფხვრილი, მაქსიმალურად შესრულებადი და რეალურია.

გიორგი ტყემალაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს საგნობრივ საკითხებზე ისაუბრონ.

„კიდევ ერთხელ გთხოვთ, ყველა მაქსიმალურად ჩაერთოთ პროცესში, ოღონდ საგნობრივად. არცერთი თქვენს მიერ დაყენებული საკითხი არ შეეხებოდა გენერალურ გეგმას. განცხადებები იმის შესახებ რომ, სარეკრეაციო ზონები ამოღებული და შემცირებულია, აბსურდი და ტყუილია. რაც შეხება, გარკვეულ რეგულაციებს, „სითი ინსტიტუტის“ ვალდებულებაა თბილისის მერიასთან ერთად დაამუშაოს ახალი განაშენიანების რეგულირების წესები, შესაბამისად ეს არის სამუშაო პროცესი, რომელშიც შეგიძლიათ ჩაერთოთ, ნაცვალად იმის, რომ გააკეთოთ პოლიტიკური განცხადებები,“- დასძინა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.