გიორგი ტყემალაძე - 13 ივნისი თბილისისთვის დიდი განსაცდელის დღე იყო, მინდა, პატივი მივაგო დაღუპულთა ხსოვნას და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს
ხუთი წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელიც 13 ივნისს ვერეს ხეობაში დატრიალდა. 2015 წლის, 13 ივნისი თბილისისთვის ძალიან დიდი განსაცდელის დღე იყო. სტიქიამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. მინდა, პატივი მივაგო მათ ხსოვნას და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან განაცხადა.
საკრებულოს თავმჯდომარემ მემორიალი ყვავილებით, „ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, შეამკო.
გიორგი ტყემალაძემ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მოქალაქეთა უდიდეს ერთიანობაზე და მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.
მან ის მაშველიც გაიხსენა, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
„ამ დღეს თავისი გმირებიც ჰყავს – მეხანძრე-მაშველების უდიდესმა თავგანწირვამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. მათ შორის იყო მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სიკვდილს რვა ადამიანი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა. მინდა, განსაკუთრებული თანაგრძნობა გამოვხატო მისი ოჯახის მიმართ. გარდა ამისა, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში უამრავი მოხალისე ჩაერთო. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები, რომელთაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში იმუშავეს, რათა ვერეს ხეობა უმოკლეს დროში გაეწმინდათ. 13 ივნისის ტრაგედიისას ჩვენმა თანამოქალაქეებმა უდიდესი ერთიანობა და სოლიდარობა გამოიჩინეს, რისთვისაც თითოეულ მათგანს დიდ მადლობას ვუხდი“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.