გიორგი ტყემალაძე - 2024 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში უკვე 70-მილიონიანი ზრდა გვაქვს
გიორგი ტყემალაძე - 2024 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში უკვე 70-მილიონიანი ზრდა გვაქვს

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში 70-მილიონიანი ზრდაა.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი იხილება და ოპოზიციამ მოსახლეობა შეცდომაში რომ არ შეიყვანოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში მნიშვნელოვანი ზრდა იქნება. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული პრიორიტეტების დაფინანსებას, ყველგან ზრდა აღინიშნება. პროცედურით გათვალისწინებული ნორმაა, რომ ჩვენ საკრებულოში 15 ნოემბერს შემოსული ბიუჯეტი უნდა განვიხილოთ და რეკომენდაციებით დავაბრუნოთ მერიაში განსახილველად. ბიუჯეტის საბოლოო ვერსია კი დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში ახალი მნიშვნელოვანი პროექტებიც იქნება ასახული.

„იცით, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების 10%-იან ზრდა არის დაგეგმილი. მიმაჩნია და მიგვაჩნია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება. საჯარო სექტორმა უნდა გაუძლოს ამ კონკურენციას, რადგან, ანაზღაურებიდან გამომდინარე, საჯარო მოხელეების გადინება ხდება კერძო სექტორში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ ხელფასების მატება სწორი ნაბიჯია, თუმცა ცდილობენ, ყველაფერი უარყოფითად წარმოაჩინონ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.