გიორგი სიგუა - აკრედიტებულ მედიას საშუალება ექნება, რომში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას დაესწროს
გიორგი სიგუა - აკრედიტებულ მედიას საშუალება ექნება, რომში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას დაესწროს

აკრედიტებულ მედიას საშუალება ექნება, რომ შეხვედრაზე შემოვიდეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა გიორგი სიგუამ რომში, მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც სიგუამ აღნიშნა, შეხვედრაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია.

„მოგეხსენებათ რამდენად დიდი პროვოკაციები მოგვიწყვეს ლიეჟში. გამოგვიგზავნეს ზონდერები, გამოგვიგზავნეს ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ არეულობის მოწყობა, გარკვეულწილად გამოუვიდათ კიდეც. დღეს დავიჭირეთ თადარიგი იმისთვის, რომ მიღებულიყო უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები და არავითარ შემთხვევაში არავის მიეცეს საშუალება, რომ ხელი შეუშალოს თანამემამულეების შეკრებას.

იქნება ძალიან საინტერესო პროგრამა, ინტერაქცია, საპანელო დისკუსიები. გამომსვლელებს შორის იქნებიან წარმატებული ქართველები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.

აკრედიტებულ მედიას საშუალება ექნება რომ შეხვედრაზე შემოვიდეს“, – განაცხადა სიგუამ.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ემიგრანტები რომში იკრიბებიან.

მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით შეხვედრა რომში, რესპუბლიკის მოედანზე, ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი შეხვედრაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეხვდა.