სოფო კილაძე - სააკაშვილს არ უნდა გაუკვირდეს იმ ადამიანების რეაქცია, რომლებიც მას ცუდად მოიხსენიებენ
სოფო კილაძე - სააკაშვილს არ უნდა გაუკვირდეს იმ ადამიანების რეაქცია, რომლებიც მას ცუდად მოიხსენიებენ

სააკაშვილს არ უნდა გაუკვირდეს იმ ადამიანების რეაქცია, რომლებიც მას ცუდად მოიხსენიებენ, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე ემიგრანტების პროტესტს, რომლებიც გუშინ რომში, სასტუმრო „პალაცო ნაიადოში“, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ხვდებოდა, შეხვედრაზე არ შეუშვეს.

„ჩემთვის ნამდვილად არ არის გასაკვირი ის რეაქცია, რომელიც ადამიანებს აქვთ სააკაშვილის მიმართ. იმდენი იყო გაუბედურებული, რომ არ უნდა გაუკვირდეს ხალხისგან ასეთი რეაქცია. რა არის ამაში გასაკვირი და რაში სჭირდება ამას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ვინმეს მიგზავნა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

დეპუტატი მედიასთან საუბრისას ექსპრეზიდენტის მიერ ემიგრანტებთან შეხვედრების გამართვის მიზანსაც შეეხო.

„რომელ ალტერნატიულ მთავრობაზეა საუბარი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არის კონსტიტუცია და ამ კონსტიტუციური წესრიგით მიდის ყველაფერი. თუ „ქართული ოცნება“ ხალხს არ მოეწონება ან არ ექნება მისი მხარდაჭერა, გადაირჩევენ არჩევნების გზით. ეს არის დემოკრატიული პროცესი. ნებისმიერი სხვა გამოვლინება სპეკულაციაა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

რომში, სასტუმრო „პალაცო ნაიადოში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს გუშინ შეხვდა. 10 თებერვალს კი, მოძრაობის „ერთად სახლში“ ორგანიზებით, სააკაშვილი მხარდამჭერებს ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეხვდა.