მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს [ვიდეო]

რომში, სასტუმრო „პალაცო ნაიადოში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ხვდება. შეხვედრის გაშუქების საშუალება არ მიეცათ ჟურნალისტებს. შეხვედრაზე მხოლოდ ოპერატორები შეუშვეს.

შეხვედრის ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ აკრედიტებული ჟურნალისტები შეხვედრაზე შესვლას მოახერხებდნენ, თუმცა ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი შეხვედრაზე ვერ მოხვდებოდნენ.

შეხვედრაზე ვერ მოხვდა ემიგრანტების ნაწილიც. ისინი რომში, რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ. როგორც ემიგრანტების ნაწილმა პირველ არხს განუცხადა, მათ რეგისტრაცია გავლილი ჰქონდათ, თუმცა მათივე თქმით, იმის გამო არ შეუშვეს, რომ განსხვავებული პოზიცია უნდა დაეფიქსირებინათ.

ამასთან, შეხვედრის დაწყებამდე სასტუმროსთან მცირე დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო იტალიის პოლიცია. როგორც ემიგრანტებმა განაცხადეს, პოლიცია შეხვედრის ორგანიზატორებმა გამოიძახეს.

შეხვედრას ემიგრანტების გარდა საქართველოდან ჩასული მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც ესწრებიან.