გიორგი შარვაშიძე - სტუდენტი არის ცენტრი ყველაფრის, რის გარშემოც აიგო უნივერსიტეტი
ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება უპირველესად ორიენტირებული იქნება ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენასა და მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტში, „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ აღდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, უნივერსიტეტის საზოგადოება ორიენტირებული იქნება განვითარებაზე და რა თქმა უნდა, სტუდენტი არის ცენტრი ყველაფრის, რის გარშემოც აიგო უნივერსიტეტი თავის დროზე და დღემდე ეს პრინციპი არის ურყევი.
„დღეს დაანონსდა ძალიან საინტერესო რამ – ვთქვით, რომ მაშინ როდესაც დაარსდა ეს საზოგადოება, წესდების მესამე პუნქტში ალბათ ყველაზე თანამედროვე სიტყვები – უნივერსიტეტის ავტონომია ეწერა. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ კონსტიტუციაში დავაფიქსიროთ უნივერსიტეტის ავტონომია. ეს არის გაგრძელება იმ ისტორიისა, რაც 100 წლის წინ დაიწყო. ძალიან კარგია, რომ თანამედროვე ევროპული ხედვის ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებული სასწავლებელი 100 წლის განმავლობაში არსებობს და ღმერთმა ქნას, რომ კიდევ მრავალი ათასი წელი იარსებოს“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ აღდგენის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო.