გიორგი შარვაშიძე აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა
გიორგი შარვაშიძე აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა პროტესტის მონაწილე სტუდენტებსა და თსუ-ს რექტორს, გიორგი შარვაშიძეს შორის. სტუდენტური მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ წევრების თქმით, შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ზედაპირულად განიხილეს მათი მოთხოვნები.

როგორც სტუდენტური მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ წარმომადგენელმა, ილია ჭანტურიამ აღნიშნა,  იმედი აქვთ, რომ შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც ხვალ გაიმართება, კითხვებზე ზუსტ პასუხებს მიიღებენ.

„ეს იყო დაუგეგმავი შეხვედრა, სადაც ჩვენი მოთხოვნები განვიხილეთ. იყო გარკვეული ზედაპირული განხილვა ამ საკითხების და გადავწყვიტეთ, რომ გვქონდეს ფორმალური საჯარო შეხვედრა, სადაც სტუდენტებსაც შეეძლებათ მოსვლა, უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ საკითხებს და გვექნება შესაბამისი პასუხები. კონკრეტულად დღეს შეთანხმება არაფერზე ყოფილა. ვისაუბრეთ გარკვეულ საკითხებზე. მოთხოვნებია: საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, ფინალური გამოცდების ან ონლაინ რეჟიმში ჩატარება ან თითოეულ სამხარეო რეგიონში მინიმუმ ერთი საგამოცდო ცენტრის გახსნა მაინც, ასევე, ფინანსური გამჭვირვალობა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება. ფინალური გამოცდების საკითხი არის ყველაზე მოკლევადიანი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დგას, რადგან მალე დაიწყება გამოცდები და გამოცდების ფორმატზე მათი დამოკიდებულება, როგორც შევამჩნიეთ და გავარკვიეთ, ეს არის იგივე, რომ ონლაინ ფორმატში გამოცდები არ უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენელმა.

უნივერსიტეტის კანცლერის, ლაშა საღინაძის ინფორმაციით კი, შეხვედრაზე ძირითად საკითხებზე კონსენსუსამდე მივიდნენ, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც მეტი დიალოგია საჭირო და ხვალ დაანონსებულ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

„განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, რაც სტუდენტებს აღელვებდათ და გამოთქვამდნენ პროტესტს. ძალიან დიდ ნაწილზე კონსენსუსამდეც მივედით. საერთო საცხოვრებლის საკითხი იყო დასმული სტუდენტების მხრიდან, რაზეც ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ვიმსჯელოთ და გეგმა გავწეროთ, თუ როგორი ტიპის საერთო საცხოვრებელი და რა მასშტაბით უნდა აშენდეს, ამაზე ჩვენ მზაობა უკვე გვაქვს და გვაქვს შერჩეული ტერიტორია, გეგმაც გაგვაჩნია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს აღნიშნული საცხოვრებლის მშენებლობა. რაც შეეხება რექტორის არჩევის წესის ცვლილებას, ამასთან დაკავშირებითაც გამოითქვა მოსაზრებები, თუ როგორი ტიპის წესი მიაჩნიათ იდეალურად და ძაან მარტივად შეგვიძლია, ამაზეც ვიმსჯელოთ, თუმცა ეს საკითხი არ არის მხოლოდ თსუ-ს პრეროგატივა, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს რექტორის არჩევის წესებს და ეხება ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ცვლილებების შემუშავება. ფინანსური გამჭვირვალობის საკითხზეც ვიმსჯელეთ და შევთანხმდით, რომ დამატებით ცალკე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმ სტუდენტებთან, რომლებსაც აქვთ გარკვეული კითხვები ბიუჯეტთან დაკავშირებით, ჩვენ ცალკე შეხვედრას გავმართავთ და გავივლით ყველა დეტალს. რაც შეეხება ფინალურ გამოცდებს, გაიმართება საგამოცდო ცენტრებში თბილისში, ახალციხესა და ქუთაისში. მათ, ვისაც არ აქვთ შესაძლებლობა თბილისში ჩამოვიდეს, ჩვენ ვთავაზობთ საერთო საცხოვრებელში ადგილს უფასოდ საგამოცდო პერიოდის განმავლობაში და ათეულობით ადგილი გვაქვს თავისუფალი. მათ, ვისაც დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიცია აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ ახერხებს ის ამ პერიოდში საგამოცდო პროცესზე დასწრებას, მათ ჩვენ მივცემთ საშუალებას, რომ სექტემბერში ჩააბარონ ეს გამოცდა“, – განაცხადა თსუ-ს კანცლერმა.

დატოვე კომენტარი