გიორგი შარვაშიძე - პირველი რესპუბლიკის პერიოდში საქართველო ერთგვარი მექა, ცოცხალი ლაბორატორია იყო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის შეფასებით, პირველი რესპუბლიკის საქართველო ერთგვარი მექა, ცოცხალი ლაბორატორია იყო. პირველ არხთან საუბარში გიორგი შარვაშიძემ ყურადღება საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ თსუ-ში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, ბევრი გამოცემა მზადდება და რამდენიმე წიგნის პრეზენტაციაც გაიმართება.
„შევეცადეთ, ჩვენი თანამემამულეებისთვის დაგვენახებინა, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამ პერიოდს როგორ აფასებდნენ. იმ პერიოდში საქართველო ერთგვარი მექა, ცოცხალი ლაბორატორია იყო. ეს პირველი სოციალურ-დემოკრატიული ქვეყანა იყო, რომელსაც ძალიან პროგრესული და თანამედროვე მოწყობა ჰქონდა. აგრარული რეფორმით დაწყებული, რაც თითით საჩვენებელი იყო, განათლების სისტემის შექმნით დამთავრებული. პოლიტიკური დისკუსიები უმაღლესი დონის იყო და ყველა ევროპელი მოაზროვნე, რომელიც აქ დადიოდა, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბელგიის ლიდერი და სხვები საქართველოში ევროპის მომავალს ხედავდნენ.
სამწუხაროდ, ჩვენი დამოუკიდებლობა ხანმოკლე იყო, სულ სამწლიანი პერიოდია, თუმცა ამ პერიოდში უნიკალური რამ მოხდა, დემოკრატიული საზოგადოების პროტოტიპი შეიქმნა და მუხტი, რომელიც მაშინ ჩაიდო, დღემდე გრძელდება. მგონია, რომ იმ ტრადიციას ვაგრძელებთ, რაზეც საქართველო დგას. გვეუბნებიან, რომ ეს არის შეუმდგარი სახელმწიფო და ა.შ. მაშინაც ეს დისკურსი არსებობდა და მცდელობა იყო, რომ ქართველებისთვის ეჩვენებინათ, თითქოს, დამოუკიდებლად აზროვნება და ერის ჩამოყალიბება არ შეუძლიათ. ამ მიმართულებით სამი მძლავრი ნაბიჯი გადაიდგა. 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენა მოხდა, რაც განაცხადი იყო იმის, რომ ჩვენ სულიერი ავტონომიის უფლება და უნარი გვაქვს. მეორე ნაბიჯი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება იყო, რომ ინტელექტუალური რესურსი გვაქვს, მეცნიერება განვავრცოთ და ა.შ. მესამე ნაბიჯი პოლიტიკური გაფორმება – დამოუკიდებლობის პირველი რესპუბლიკის გამოცხადება იყო“, – განაცხადა შარვაშიძემ.
საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციას სახელწოდებით – “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 100“ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მასპინძლობს.