გიორგი შარვაშიძე - იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ისტორიული ვიზიტის მნიშვნელობა განუზომლად დიდია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე აცხადებს, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტარო კონოს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი ადასტურებს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებს.
„საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო. ეს გახლავთ იაპონიიდან პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი. შესაბამისად, ამ ისტორიული ვიზიტის მნიშვნელობა განუზომლად დიდია. ვიზიტი წარმოადგენს საქართველოს მიმართ იაპონიის მხრიდან მაღალ დონეზე გამოვლენილ მნიშვნელოვან მხარდაჭერას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი შარვაშიძემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას.
„უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორი იაპონური კერძო სექტორისთვის, რათა განიხილონ საქართველო, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულება ჩვენი ქვეყნის ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გათვალისწინებით და ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ორ ქვეყანას შორის ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებაზე მიმდინარე ოფიციალური მოლაპარაკებები, რომლებიც ვიმედოვნებთ, მალე დასრულდება და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით იაპონიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„ეს გახლავთ ქვეყანა, რომელიც მუდმივად და მყისიერად ახდენს რეაგირებას და აჟღერებს საქართველოს მხარდამჭერ გზავნილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დღეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ტარო კონო შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. ტარო კონო პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.