გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებულ სამ პირს, დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში, ამნისტია შეეხება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებულ სამ პირს, დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში, ამნისტია შეეხება.
საბა ჩხარტიშვილეს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს, რომლებიც აღიარებითი ჩვენების შემდეგ 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ამნისტიის შესახებ ახლად დამტკიცებული კანონი იმ შემთხვევაში შეეხება, თუ დაზარალებული მხარე სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს. მათი საქმის წარმოება ცალკე ეპიზოდად არის გამოყოფილი.
„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, წინა სასამართლო სხდომაზე მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე სამი პირის მიმართ, რომელთაც ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა, ასევე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანება. რაც შეეხება ამნისტიას, მიღებული კანონი იმ მუხლებს, რომლებშიც ბრალი ედებათ აღნიშნულ პირებს, ყველა მუხლს ეხება, თუმცა ამ შემთხვევაში კანონში გაკეთებულია დათქმა, მათ შესახებ ამნისტიის კანონი რომ ამოქმედდეს, სასამართლოს წინაშე დაზარალებულებმა უნდა მოახდინონ მათი პოზიციის დაფიქსირება“, – განაცხადა პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა.
აღნიშნული პირები 11 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მათთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე დაზარალებულმა მხარემ თანხმობა განაცხადა.