გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინებას აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების თაობაზე შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
„ვაპირებთ, რომ გავასაჩივროთ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების თაობაზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უკანონოა. არ არსებობდა არანაირი საფუძველი არც კონკრეტული და არც ფაქტობრივი, რათა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დარჩენილიყო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს პირები ბრალდებული არიან 143-ე და 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. ფაქტობრივად, პროკურორის შუამდგომლობა მიანიშნებდა, რომ კი, მართალია, არ მიმდინარეობს ამ მიმართულებით გამოძიება და მეტი მასალების მოპოვება შეუძლებელია ამ მიმართულებით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შემდგომ გაჩნდება საფუძველი, რომ რომელიმე მათგანს ბრალი წარედგინოს 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ეს პირები უკვე იყვნენ დაკავებულები. ფაქტობრივად, აღკვეთის ღონისძიება გამოყენებულია როგორს სასჯელი, რაც დაუშვებელია“, – განაცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე 27 ივლისს იმსჯელა და ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.