გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებას მოითხოვენ
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებას მოითხოვენ

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის ადვოკატები მცხეთის სასამართლოში დღეს, მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ადვოკატები თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მათ დატოვებას მოითხოვენ, ალტერნატივად კი, გირაოთი ან მეთვალყურეობაზე არასრულწლოვნების გადაცემის შუამდგომლობას დააყენებენ.

ამასთან, სხდომაზე, სადაც საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ, ადვოკატები აპირებენ, მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობა მოითხოვონ.

როგორც ზ.ხ.-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხდა, ის მოითხოვს საქმის მთავარი მოწმეების, ვახო ახვლედიანის და გურამ ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებების დაუშვებლად ცნობას.

ადვოკატის თქმით, აღნიშნულმა მოწმეებმა ჩვენებები შეცვალეს და შესაბამისად მათი ახალი ჩვენებები დაუშვებელი მტკიცებულებაა.

რაც შეეხება მოლოდინებს, ადვოკატები აცხადებენ, რომ იმ მტკიცებულებებით, რაც საქმეში დევს, არასრულწლოვნების პატიმრობაში ყოფნა კანონდარღვევაა.

„არასრულწლოვნის პატიმრობა უკიდურეს შემთხვევაში ხდება. დღეს ჩვენ სამართლებრივი თვალსაზრისით, ველოდებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლას“, – განაცხადა ნ.ც-ს ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ.