გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანთა ბრალდებებს ახალი მტკიცებულებები დაერთო
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების წინააღმდეგ საქმეს ახალი მტკიცებულებები დაერთო.
აღნიშნული მტკიცებულებების დართვაზე შუამდგომლობა დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორებმა დააყენეს. დაცვის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ახალი მასალები მოიცავს ექსპერტიზის დასკვნას და „112“-დან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც მაგისტრალიდან თბილისში და თბილისიდან დანაშაულის ადგილზე, არაგვის ხიდთან ბრალდებულების გადაადგილებას ასახავს.
დღესვე, სასამართლომ განიხილა არასრულწლოვანი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი და ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. დახურულ სხდომაზე შუამდგომლობებთან ერთად, სასამართლომ ბრალდების მხარის შესავალი სიტყვა მოისმინა, ადვოკატები კი შესავალი სიტყვით წარსდგებიან მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომელიც 20 აგვისტოს ჩაინიშნა.
სხდომის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი ბრალდებულის ზ.ხ.-ს ადვოკატმა დაადასტურა, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა სამი მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. გიორგი გელხაურის თქმით, ზ.ხ. ითხოვს მის დაკითხვას სიცრუის დეტექტორზე. ასევე, მოითხოვს, რომ ამ მეთოდით დაიკითხონ საქმის მთავარი მოწმეები – გურამ ამირხანაშვილი, ახვლედიანი და სხვა პირები, რომლებიც ადვოკატის განმარტებით, ჩვენებებს ცვლიან.
გარდა ამისა, გელხაურის თქმით, ზ.ხ. მოითხოვს, გამოიძიონ მასზე იძულებით ჩვენების მიცემის ფაქტი. ადვოკატის განცხადებით, დღეს ზ.ხ.-მ მოითხოვა საქმის პროკურორ ნიკოლოზ წულუკიძის და კიდევ ერთი პროკურორის აცილება, რომელსაც ბრალდებული ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სამ საათიანი სხდომის შემდეგ კიდევ ერთი ბრალდებულის, ნ.ც- ს ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
ექვსი არასრულწლოვნის საქმეზე მცხეთის სასამართლოში მორიგი სხდომა 20 აგვისტოს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. პროცესი დაცვის მხარის შესავალი სიტყვით განახლდება.