გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე არასრულწლოვნების წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება
გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების ნაწილში გამოძიება დასრულდა და წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს ჩაინიშნა.
როგორც დაკავებული არასრულწლოვანის ლ.შ-ს ადვოკატმა ზაქრო გვიშიანმა განაცხადა, მასალები მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიგზავნა.
„დღევანდელ დღეს დასრულდა გამოძიება, მხარეებმა გავცვალეთ მასალები, როგორც დაცვის ასევე ბრალდების მხარემ, დღეს გადაიგზავნება საქმე სრულად მცხეთის რაიონულ სასამართლოში. 31 ივლისს ჩაინიშნება წინასასამართლო სხდომა, რა დროსაც განიხილება საკითხები, ასევე იქნება შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე“, – განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.
კიდევ ერთი დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს გადასცა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს ზ.ხ.- ს უდანაშაულობას.
„გამოძიებამ გადმოგვცა ყველა მტკიცებულება, რომელიც სასამართლოში წარმართა ზ.ხ.-სთან მიმართებაში. მასალები, რომელიც წარმოდგენილია და სასამართლოში იგზავნება, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დგინდებოდეს ზ.ხ.-ს რაიმე სახით შემხებლობა შაქარაშვილთან, ან იმ ბრალთან, რომელიც მას აქვს წარდგენილი“, – განაცხადა გელხაურმა.