გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის პროცესი იმართება. მათგან ორი არასრულწლოვანია, რის გამოც სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, დაცვის მხარე სხდომაზე შესავალი სიტყვით წარდგება. მათი თქმით, ყურადღებას გაამახვილებენ იმ ხარვეზებზე, რაც საქმის გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა. დაცვის მხარეს აინტერესებს, როგორ მოხვდა გიორგი შაქარაშვილი წყალში.
ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მტკიცებულებები არასაკმარისია, თუმცა მათი თქმით, ამას კატეგორიულად უარყოფს მთავარი საგამოძიებო უწყება.
„საქმეზე მნიშვნელოვანია ერთი მომენტი, ვინ მიაყენა დაზიანება შაქარაშვილს და როგორ აღმოჩნდა ის წყალში. ამის მტკიცებულება არაა საქმეში, არც ერთი მოწმე არაა ისეთი, ვინც ამბობს, რომ დაინახეს, როგორ მიაყენეს შაქარაშვილს დაზიანებები და დაინახეს, ვინ ჩააგდო წყალში. არც ერთი ექსპერტიზა არ ამტკიცებს, რომ რომელიმეს შეხება ჰქონდა მასთან. მნიშვნელოვანი არაა აგარაკზე რა დაიწყო, ამაზე ცალკეა გამოძიება, იმაზე გვაქვს პრეტენზია, რომ არ უსაუბრია პროკურატურას, რა ადასტურებს ბრალდებულების შემხებლობას გიორგი შაქარაშვილთან. ერთადერთი სწორი ამ საქმეში იქნება გამამართლებელი განაჩენი“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.