გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორი - გამოძიების ეტაპზე ბრალდებულების მხრიდან არ იყო სრულყოფილი ინფორმაცია მოწოდებული, ბევრი დეტალია, რომელიც მათ ჩვენებაში არ არის
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები პატიმრობის დასაბუთებასთან დაკავშირებით და 17-ვე პირის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა.
„დანაშაულის სიმძიმიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, ბრალდებულების პიროვნებების გათვალისწინებით, ასევე მათი მოქმედებების და სხვა უამრავი ქმედების გათვალისწინებით, რომელიც საქმის მასალებით დგინდება, არსებობდა იმის საფუძველი, რომ მოსამართლეს გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა“,- განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე, არასრულწლოვნების ადვოკატები ამბობენ, რომ მათი მხრიდან არ არსებობდა საფრთხე და ისინი თანამშრომლობენ გამოძიებასთან, საქმის პროკურორი აცხადებს, რომ ეს არ არის სრულყოფილი თანამშრომლობა, რასაც ბრალდებულები გამოძიების ეტაპზე აკეთებდნენ.
„არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, არსებობდა მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. რაც შეეხება თანამშრომლობას, ეს არ არის სრულყოფილი თანამშრომლობა, რასაც აკეთებდნენ ბრალდებულები გამოძიების ეტაპზე. არ იყო სრულყოფილი ინფორმაცია მოწოდებული. ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც არ არის მათ ჩვენებაში“,- განაცხადა საქმის პროკურორმა.
პროკურორის თქმით, რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზებს, ამის თაობაზე გამოძიება გრძელდება.
„ჯერ არ გვაქვს მიღებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უმნიშვნელოვანესია ამ საქმისთვის. ამ დასკვნის მიღების შემდგომ უკვე მეტი გარემოება გაირკვევა, თუმცა დღესაც გრძელდება გამოძიება. თუ გაიზრდება ბრალდებულთა წრე, გაიგებთ მომავალში“,- განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა.
დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, საქმეზე გამოკითხულია დაახლოებით 60 ადამიანი, ჩატარებულია 750-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება და ამოღებულია ვიდეომასალა, რომელიც, პროკურორის თქმით, ასახავს შემთხვევის ადგილებს.
„რაც შეეხება იდენტიფიცირებას საქმეს, არის შესაბამისი მასალები, სადაც ხდება იდენტიფიცირება. საქმის დეტალებზე ვერ გესაუბრებით, უამრავი მტკიცებულებაა გარდა იმისა, რაც მე დავასახელე“,- განაცხადა პროკურორმა.
ადვოკატების ინფორმაციით, მოსამართლის გადაწყვეტილებას, ბრალდებულებისთვის პატიმრობის გამოყენების შესახებ, გაასაჩივრებენ.
მათი თქმით, არანაირი საფუძველი არ არსებობდა, რომ სასამართლოს აღკვეთის სახით პატიმრობა გამოეყენებინა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.