გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე სამ პირს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, კიდევ ორი არასრულწლოვნის მიმართ განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა.
საქმის განმხილველი მოსამართლის, ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირიდან სამ პირს, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, თითოეულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა. კიდევ ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს მიმართ განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.
განაჩენის გამოცხადებას გიორგი შაქარაშვილის დედა დაესწრო. ამასთან, სასამართლოსთან იმყოფებიან გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ 2020 წლის 11 აგვისტოს დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.