გიორგი შაქარაშვილის ბიძა - გამოძიების მიმართ უნდობლობა და პრეტენზია არ გვაქვს
შესაძლოა, არსებობდეს ბევრი კითხვა, მაგრამ რაც შეეხება უნდობლობას, უპასუხისმგებლობას ან რაიმე პრეტენზიას, ბუნებრივია, მოცემულ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს გამოძიების მიმართ, – ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.
„ასეულობით საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, 17 პირია დაკავებული, წარდგენილია მძიმე მუხლებით ბრალდებები, ინტენსიური კონტაქტია ოჯახთან. არ ვიცი, თუ შეიძლება, რომ ნორმალურ ადამიანს ეს არ აკმაყოფილებდეს, მაშინ საშველი აღარ ყოფილა. ყოველთვის ხაზს ვუსვამ ხოლმე, რომ მოცემულ ეტაპზე ჩვენსა და გამოძიებას შორის არ არსებობს გაურკვეველი გარემოებები. შესაძლოა, არსებობდეს ბევრი კითხვა, რომლებსაც გზადაგზა ვწურავთ და ვიღებთ საბოლოო პასუხებს, მაგრამ რაც შეეხება უნდობლობასა და უპასუხისმგებლობას ან რაიმე პრეტენზიას, ბუნებრივია, მოცემულ ეტაპზე ჩვენ არ გაგვაჩნია გამოძიების მიმართ“, – განაცხადა შაქარაშვილის ბიძამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.
მირიან ნიკოლაძე ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე დაკავებულების უფლებადამცველების განცხადებებსაც გამოეხმაურა.
„რასაც ვუსმენ ძირითადად არის უსაგნო და უშინაარსო. ერთი ნორმალური გარემოება, რომელიც წაგვეხმარებოდა რეალურ გამოძიებაში და რომელსაც გავხდიდით სერიოზული მსჯელობის საგნად, ასეთი ოჯახს არ გვინახავს. საინტერესო არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ ვიღაცას უნდა სკანდალი და ბავშვის ცხედრით ვაჭრობა. ვინაიდან ზნეობა ამ მდგომაროებაში აქვთ, მიხედონ თავის საქმეს“, – განაცხადა შაქარაშვილის ბიძამ.
კითხვაზე, ექსპერტიზის დასკვნა თუ არ დაადასტურებს მკვლელობის ვერსიას, ოჯახი გააპროტესტებს თუ არა ამ ფაქტს, ნიკოლაძე ამბობს, რომ ნომერ პირველი ვერსია არის განზრახ მკვლელობა, სხვა ვერსია განიხილება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ვერსია გამოირიცხება.
„თუ ექსპერტიზით ეს არ გამოიკვეთება, ჩვენ უნდა ვიყოთ სხვა მტკიცებულებების იმედზე და თუ სხვა მტკიცებულებებითაც არ გამოიკვეთა, მაშინ ვერ ვხდები, რა შეიძლება გავაპროტესტოთ. დავსხდებით, ჩამოვყალიბდებით, ჩვენი კონკრეტული პოზიცია გვექნება. მთავარია, მტკიცებულება გვქონდეს, რომ დამნაშავეს დანაშაული დაუდასტურო. ამ ეტაპზე არსებული მასალები წარმოშობს საფუძვლიან ეჭვებს მკვლელობასთან დაკავშირებით, წარმოშობს დამაჯერებელ ვერსიებს, მაგრამ რაც შეეხება ამ ვერსიების უტყუარობას, ეს პირდაპირ არის მიბმული ექსპერტიზებსა და კიდევ სხვა მტკიცებულბებთან. ნომერ პირველი ვერსია არის განზრახ მკვლელობა, ყველა სხვა ვერსია განიხილება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ვერსია გამოირიცხება“, – განაცხადა შაქარაშვილის ბიძამ.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი. მცხეთის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.