გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. ბრალდებულმა დაკავების დღე გაიხსენა. მან სამართალდამცველების მხრიდან გამოძიებაში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.
„ამ საქმეში არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა. ამას ცალსახად ადასტურებს, რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს სამართალდამცველებმა. ერთ-ერთი ასეთი დარღვევა არის დროები, რომლებიც შეადგინეს გამომძიებლებმა. ერთ-ერთი დოკუმენტი შედგენილი აქვთ ერთ წუთში და ამ ერთ წუთში გააცნეს გიორგი რურუას. მას შესთავაზეს, წარმოედგინა თუკი რაიმე უკანონო ნივთს ინახავდა. ეს ერთადერთ რამეს ადასტურებს, რომ ეს არის ყალბი დოკუმენტი და თავად გიორგი რურუა დაკავებულია მხოლოდ პოლიტიკური მოტივით“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
შემდეგ სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.
„დღეს დაცვის მხარემ წარმოადგინა შესავალი სიტყვა. ბრალდების მხარე მომდევნო პროცესიდან გამოკითხავს მოწმეებს. იმ კითხვებს, რაც დაცვის მხარემ დასვა, გაეცემა პასუხი. პროცედურულ დარღვევებს ჩვენ ვერ ვხედავთ, თუმცა ამის გარეშე უნდა დაიკითხოს მოწმეები და გაეცეს შესაბამის კითხვებს პასუხი“, – განაცხადა პროკურორმა ლევან სამხარაულმა.
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.