გიორგი მგელაძე - ეთიკის ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ ელისო კილაძის სტატიაში დიმიტრი ქუმსიშვილის შესახებ ინფორმაცია არ იყო სათანადოდ დაზუსტებული და გადამოწმებული
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მგელაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.
გიორგი მგელაძის განცხადებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სადაო სტატიაში ქუმსიშვილის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია არ იყო სათანადოდ დაზუსტებული და გადამოწმებული ჟურნალისტის მიერ.
მისივე თქმით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებულ, სრულ სამოტივაციო ნაწილს მომდევნო კვირაში გამოაქვეყნებს.
„დიმიტრი ქუმსიშვილი ქარტიაში ელისო კილაძეს ქარტიის ორი პრინციპის 1 (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) ედავებოდა, საბჭომ მოისმინა ორივე მხარის არგუმენტაცია და დაადგინა, რომ ელისო კილაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, საბჭომ მიიჩნია, რომ სადაო სტატიაში ქუმსიშვილის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია არ იყო სათანადოდ დაზუსტებული და გადამოწმებული ჟურნალისტის მიერ.
განხილვისას, დიმიტრი ქუმსიშვილის იურისტმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა მე-11 პრინციპის დარღვევა და საბჭოს რეკომენდაციით თავადვე მოხსნა მე-11 პრინციპი. საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებულ, სრულ სამოტივაციო ნაწილს მომდევნო კვირაში გამოაქვეყნებს“, – აცხადებს გიორგი მგელაძე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეთიკის ქარტიამ ელისო კილაძის მიერ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპის დარღვევა დაადასტურა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 5 ივნისს მიმართა. ელისო კილაძემ გაზეთ „ქრონიკა +-ში” 5 ივნისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „კორუფცია VS მართლმსაჯულება“ დაიჭერენ თუ არა დიმიტრი ქუმსიშვილს და ზურაბ ალავიძეს?“ ასევე, სტატიის ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება თბილისში, 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დიმიტრი ქუმსიშვილის დაკავშირებას.