ლევან ყიფიანი - ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე რესტრუქტურიზაციაზე საუბარი არ ყოფილა, ვალის გადავადებაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით დიმიტრი ქუმსიშვილთან
ლევან ყიფიანი - ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე რესტრუქტურიზაციაზე საუბარი არ ყოფილა, ვალის გადავადებაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით დიმიტრი ქუმსიშვილთან

ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რომელიც ძალიან დაგვეხმარა და ერთხელ უკვე განგვიახლა შეჩერებული აქციზების გაცემა, – ამის შესახებ საქართველოს სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ჩვენებაშია ნათქვამი, რომელსაც პროკურატურა აქვეყნებს.

„2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც დავტოვე მინისტრის თანამდებობა, მუშაობა დავიწყე „ომეგა ჯგუფში“, ჩემს უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებთან, ინსტიტუტებთან კლიენტის ბიზნესსაქმიანობაში მხარდაჭერა. ჩემს პირად პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას წარმოადგენდა ჯგუფში შემავალი ნებისმიერი კომპანიის ინტერესების დაცვა, დანაკარგებისა და ხარჯების თავიდან აცილება, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, მე ვახორციელებდი ჩემს საქმიანობას“, – აცხადებს ლევან ყიფიანი ჩვენებაში.

მისივე თქმით, იმ პერიოდისათვის კომპანიის საქმიანობისას პრობლემატური იყო უცხოური კომპანიების მხრიდან დემპინგური ფასები, რაც საფრთხეს უქმნიდა თამბაქოს ადგილობრივ წარმოებას და შესაბამისად, საფრთხე ექმნებოდა „ომეგა ჯგუფის“ საქმიანობას და დასაქმებულ მუშახელს.

„ამ მიზნით, მე დავაორგანიზე შეხვედრა იმდროინდელ ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან და აგრეთვე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. გიორგი გახარია იმ პერიოდისათვის მუშაობდა ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე და მიმაჩნია, რომ იყო საკმაოდ წარმატებული თავის საქმიანობაში. მე არაერთხელ შევსწრებივარ მთავრობის სხდომებზე, როდესაც ხდებოდა გარკვეული საკითხების განხილვა, ყოველთვის იყო საუბარი, რომ გიორგი გახარია აქტიურად იყო ჩართული ყველა პრობლემატური საკითხის მოგვარებაში და ყველა შემთხვევაში იცავდა მეწარმის ინტერესებს. ამ მიზნით, იგი ამყარებდა კავშირებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან და ცდილობდა მეწარმის პოზიციების მაქსიმალურად დაცვას“, – წერია ლევან ყიფიანის ჩვენებაში.

ლევან ყიფიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოხდა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით.

„ეს იყო წმინდად ბიზნესის ორი წარმომადგენლის შეხვედრა. საუბარი შეეხო ზოგადად ქართულ წარმოებას და იმ პრობლემებს, რაც ქართულ თამბაქოს გააჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველასთვის ცნობილია ბატონი ბიძინას დამოკიდებულება ქვეყნის განვითარებისა და ქვეყანაში ქართული წარმოების მიმართ, ზაზა ოქუაშვილი სწორედ ამ მიზნით იყო ბატონ ბიძინასთან მისული. მან გააცნო საკუთარი ხედვა ქართული თამბაქოს წარმოების განვითარების შესახებ. კერძოდ, იდეა შეეხებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქართული თამბაქოს გაშენებას და ზოგადად ამ დარგის აღორძინებას, რაც საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვდა, რაზეც ბატონმა ბიძინამ აღუთქვა დახმარება. კერძოდ, განუმარტა, რომ ზაზა ოქუაშვილს შეედგინა საკუთარი გეგმა და ხედვა გაეწერა, როგორ ესახებოდა ქართული თამბაქოს განვითარება, რაც თავის მხრივ, შექმნიდა დამატებით სამუშაო ადგილებს და ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას, დახმარებოდა ზაზა ოქუაშვილს. აღნიშნულ საკითხზე და საერთო ბიზნესის განვითარებაზე იყო კიდეც საუბრები და ფაქტობრივად ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას, დაგვხმარებოდა აღნიშნულ ბიზნესში. ამავე შეხვედრაზე განხილული იქნა ის პრობლემები, რაც ჰქონდა ქართულ წარმოებას. იგი ვერ უწევდა უცხოურს კონკურენციას, იყო დემპიგური ფასები. ასევე თუ სწორად მახსოვს, საუბარი იყო რაღაც კრედიტთან დაკავშირებით. ცხადია, მე მქონდა პირადი დაინტერესებაც, რადგან ამ ბიზნესის განვითარების შემთხვევაში, მე ვხდებოდი აღნიშნული ბიზნესის მოწილე. შესაბამისად, ამ პროექტის განვითარებისათვის არაერთხელ შევხვდი ბატონ ბიძინას პარადად“, – აცხადებს ლევან ყიფიანი ჩვენებაში.

გამომძიებლის კითხვაზე – აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო თუ არა შპს „ოჯთ“-სთვის დავალიანების რესტრუქტურიზაციას, ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ შეხვედრაზე რესტრუქტურიზაციაზე საუბარი არ ყოფილა.

„აღნიშნულ შეხვედრაზე რესტრუქტურიზაციაზე და ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე საუბრები არ ყოფილა, ვინაიდან  შპს ,,ოჯთ“-ს საგადასახადო დავალიანება, როგორც მახსოვს, იყო ხუთი თუ ექვს მილიონამდე და მის გადავადებასთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რომელიც ძალიან დაგვეხმარა და ერთხელ უკვე განგვიახლა შეჩერებული აქციზების გაცემა. ამავდროულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ გადაავადა აღსრულების პროცესი და ხელს გვიწყობდა, რომ არ მომხდარიყო კომპანიის საქმიანობის შეფერხება და ხალხი უმუშევრად არ დარჩენილიყო. მე მსგავსი ხასიათის შეხვედრა დავაორგანიზე ასევე იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, რომელმაც ასევე გამოთქვა მზაობა, რომ ყველანაირად დაგვეხმარებოდა, რომ ქართული წარმოება არ შეჩერებულიყო, მოხდებოდა რესტრუქტურიზაცია, იმ პირობით, რომ ომეგა ჯგუფი დავალიანების დაფარვის პროცესს დაიწყებდა, ამავდროულად ამ შეხვედრებზე ზაზა ოქუაშვილი აღნიშნავდა, რომ მისი მხრიდან  მომდევნო წლებში მოხდებოდა წარმოების გაზრდა და პირობას დებდა, რომ დასაქმებულთა რიცხვი გასამმაგდებოდა.

მას შემდეგ რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 11-ჯერ მოახდინა გადავადება და თანხა მაინც არ იქნა ომეგას  მიერ გადახდილი, ამავდროულად, ის იდეა რაზეც ზემოთ აღვნიშნე, რომ მომხდარიყო ბატონ ბიძინას მხარდაჭერით საერთო ბიზნესის წარმოება  არ განხორციელდა, მე დავტოვე ომეგა ჯგუფი და გარკვეული პერიოდი აღარ დავდიოდი ოფისში და წამოსული ვიყავი კომპანიიდან. მართალია, შრომითი ხელშეკრულება ჩვენს შორის არ გაუქმებულა, თუმცა ფაქტობრივად მე წამოსული ვიყავი სამსახურიდან“, – აცხადებს ლევან ყიფიანი.

პროკურატურამ დღეს ლევან ყიფიანის 9 ოქტომბრის ჩვენება გამოაქვეყნა.