გიორგი მარგველაშვილი - ბელარუსთან ხელმოწერილი ხელშეკრულებები დაფუძნებულია ორივე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღიარებაზე   
გიორგი მარგველაშვილი - ბელარუსთან ხელმოწერილი ხელშეკრულებები დაფუძნებულია ორივე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღიარებაზე   

საქართველოში ბელარუსები ჩამოდიან არამარტო კომერციისთვის, არამედ იმისთვის, რომ შექმნან მნიშვნელოვანი შემადგენლები ახალი ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დღეს ხელი მოეწერა ბელარუსთან არაერთ შეთანხმებას, მათ შორის ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც მტკიცე საფუძველს შეუქმნის ქართულ-ბელარუსული ურთიერთობების გაღრმავებას, განსაზღვრავს კეთილმეზობლურ, პროდუქტიულ თანამშრომლობას ათწლეულების განმავლობაში.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ხელმოწერილი ხელშეკრულებები დაფუძნებულია ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებაზე, პატივისცემაზე და ორივე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უფლებების სრულ აღიარებაზე; ეს არის ის მტკიცე საფუძველი, რომელიც ქართველ და ბელარუს ხალხს მომავალში თანამშრომლობის ფართო გზას გაუხსნის.

ბელარუსთან ურთიერთობების ინტენსიფიკაცია უკავშირდება 2015 წელს თქვენს ვიზიტს. მას შემდეგ ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით მოვახერხეთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება. ჭეშმარიტად, თქვენი დღევანდელი ვიზიტი აჯამებს იმ ინტენსიურ თანამშრომლობას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდა. დღეს ჩვენი ორმხრივი შეხვედრის დროს თქვენ აღნიშნეთ, რომ არ არსებობს დახურული თემები თანამშრომლობისათვის. ასეთი სულისკვეთება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თქვენ მართლაც ბევრს მიაღწიეთ, როდესაც არ გაანიავეთ და არ გააჩანაგეთ ის დიდი შესაძლებლობები, შეინახეთ ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომლებიც ბელარუსს ჰქონდა. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია თქვენგან ვისწავლოთ და ამ თანამშრომლობის მიმართულებები გახსნილია. პოლიტიკურ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა ძალიან ინტენსიურად ვითარდება და ჩვენი საგარეო უწყებები საერთაშორისო ფორმატებში ერთმანეთს ავსებენ და მხარს უჭერენ“, – მიმართა გიორგი მარგველაშვილმა ლუკაშენკოს.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვიდა.