ვლადიმერ პუტინი - ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა მოსკოვისთვის დასრულდა
ვლადიმერ პუტინი - ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა მოსკოვისთვის დასრულდა

მოსკოვისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა დასრულდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შვეიცარიაში დაგეგმილი კონფერენციის მიზანი დასავლეთის მხრიდან არის ქვეყნის ხელმძღვანელის ლეგიტიმურობის დადასტურება. ამ კონტექსტში პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთმა კიევთან მოლაპარაკებების განახლებისას უნდა გაიგოს, ვისთან შეუძლია და ვისთან უნდა ჰქონდეს საქმე იურიდიულ დოკუმენტებზე ხელმოწერისას.

„უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა განახლდეს არა ულტიმატუმების დახმარებით, არამედ საღი აზრის დახმარებით და უნდა ეფუძნებოდეს საღ აზრს“, – აღნიშნა პუტინმა.

თავის მხრივ, ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ არსებობს სამართლებრივი სიცხადე ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

2019 წელს არჩეული ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის ვადა ოფიციალურად 20 მაისს ამოეწურა. მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ომის გამო გადაიდო. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. უკრაინელი სამართლის სპეციალისტები განმარტავენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები მოიხსნება მხოლოდ ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ.