გიორგი მარგველაშვილი - არის საკითხები, რომლებშიც უკრაინელები ჩვენზე წინ არიან რუსეთთან მიმართებაში და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით
გიორგი მარგველაშვილი - არის საკითხები, რომლებშიც უკრაინელები ჩვენზე წინ არიან რუსეთთან მიმართებაში და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ არის საკითხები, რომლებშიც უკრაინელები საქართველოზე წინ არიან რუსეთთან მიმართებაში და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე მეხუთე, საანგარიშო, შემაჯამებელი მოხსენებისას განაცხადა.

„გაგახსენებთ, სულ ახლახან დაყენებულ რამდენიმე ინიციატივას: ეს არის შეერთებულ შტატებთან საგანგებო წარმომადგენლის ინიციატივა; ეს არის საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირება, რომელიც ჩემი მხრიდან მოდიოდა. ეს ის საკითხებია, რომლებშიც უკრაინელები ჩვენზე წინ არიან რუსეთთან მიმართებაში და თავის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.

რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი ინიციატივებისთვის ზურგის შექცევა და იგნორირება? საერთოდ პოლიტიკა იგნორირების და ინსტიტუტების შესუსტების, ჩემი აზრით, კონკრეტულ პოლიტიკოსებს კი არ ასუსტებს, ასუსტებს ქვეყანას.

ის პროცესები, რასთან მიმართებაშიც მე არაერთხელ მქონდა ამ პარლამენტში გამოსვლაც და ინიცირებაც, იყო მიმართული იქითკენ, რომ დაგვეცვა სახელმწიფო ინსტიტუტები, ეროვნული ბანკი, სასამართლო, პრეზიდენტის ინსტიტუტი.

რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ინსტიტუტების შესუსტებას ქვეყნისთვის? ამ თვალსაზრისით თუ გადავავლებთ თვალს რა გაკეთდა 2017 წელს კონსტიტუციის ცვლილებაში, ჩვენ დავინახავთ, რომ ძირითადმა ინიციატივებმა სწორედ რომ, შეასუსტა ქვეყნის დემოკრატიაც და ინსტიტუტებიც“, – განაცხადა პრეზიდენტმა.