გიორგი კვირიკაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ განვამტკიცოთ მოსახლეობის ნდობა სამართალდამცველების მიმართ
გიორგი კვირიკაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ განვამტკიცოთ მოსახლეობის ნდობა სამართალდამცველების მიმართ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვამტკიცოთ ჩვენი მოსახლეობის ნდობა სამართალდაცველების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შსს-ში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ტარდება.

მისი თქმით, სასამართლო სისტემაში მესამე ნაკადის რეფორმა მიმდინარეობს, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ნდობის ამაღლებას სამართალდამცავი უწყებების მიმართ. ამასთან, პრემიერის თქმით, საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარადგენს.

„ასევე განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები პროკურატურაში. მოგეხსენებათ, რომ სასამართლო სისტემაში მესამე ნაკადის რეფორმა მიმდინარეობს. ეს მექანიზმი იქნება კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ნდობის ამაღლებას სამართალდამცავი უწყებების მიმართ, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამართალდაცავებს ჰქონდეთ ობიექტურობის შეგრძნება, რომ ისინი იქნებიან წახალისებული, როდესაც ისინი კანონიერად იმოქმედებენ და რა თქმა უნდა, იქნება მექანიზმი, რომელიც განიხილავს მათ მიერ შესაძლო გადაცდომებს. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს დღეს მთავრობის სხდომაზე ამ საკითხს და დარწმუნებული ვარ, მოკლე პერიოდში ამოქმედდება ეს მექანიზმი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კანონმდებლობის მიხედვით საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნება. ახალ საგამოძიებო მექანიზმს, რომელსაც კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეწოდება, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს.