მამუკა ხაზარაძე - გიორგი კვირიკაშვილი თუ დააპირებს პოლიტიკაში მოსვლას, ჩვენ მას დაველაპარაკებით
მამუკა ხაზარაძე - გიორგი კვირიკაშვილი თუ დააპირებს პოლიტიკაში მოსვლას, ჩვენ მას დაველაპარაკებით

პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე განმარტავს, რომ მათი პოლიტიკური ძალა უკვე წარმოდგენილ ხედვებს საარჩევნო პროგრამაში გაზაფხულზე ასახავს და მოსახლეობას წარუდგენს.

„ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვები, რომელიც იქნება გადათარგმნილი კონკრეტულ ნაბიჯებსა და პროგრამაში, რომელსაც უკვე გაზაფხულზე გავაცნობთ საზოგადოებას, თუ როგორ ვაპირებთ უმუშევრობის შემცირებას, სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის დაძლევას, ინვესტიციების მოზიდვას და იმ ყველა გამოცდილების, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრებმა სხვადასხვა სფეროში მივაღწიეთ, გადმოთარგმნას სახელმწიფო მასშტაბით“, – განაცხადა ხაზარაძემ, რომელიც განმარტავს, რომ მათი პოლიტიკური ძალა არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და საარჩევნოდ რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალასთან ბლოკის შექმნა არ იგეგმება.

„დღევანდელი დღე ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ბლოკებს არ ვქმნით. ჩვენ ვაკეთებთ დიდ პლატფორმას, რომელსაც ჰქვია „ლელო საქართველოსთვის”. ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ პოლიტიკოსისთვის, რომელსაც წრფელი გულით უნდა ამ ქვეყანაში სიკეთის მოტანა, გამარჯვების მოტანა. შესაბამისად, ვივლით არჩევნებამდე მთელი ეს დღეები და თვეები გამარჯვებებით, გაერთიანებებით, ოღონდ ეს იქნება „ლელო საქართველოსთვის” სახელის ქვეშ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, ამ ეტაპზე კონსულტაციები პოლიტიკურ ფიგურებთან მათ პარტიაში გაერთიანების თემაზე არ მიმდინარეობს. ხაზარაძე აღნიშნავს, რომ ასეთი კონსულტაციები არ მიდის არც ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან.

„ამ ეტაპზე კონსულტაცია არავისთან არ გვაქვს. ყველა სიახლეს ახალი წლიდან მოგაწვდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ძალა, რომელიც დღეს მიმოფანტულია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ეს პოტენციალი შევკრიბოთ. ვისაც აქვს გამოცდილება, იმ ადამიანების გაერთიანებისკენ იქნება „ლელო“ მიმართული. გიორგი არაჩვეულებრივი ადამიანია, ის არის ძალიან დიდი აქტივი ჩვენი ქვეყნის, დიდი გამოცდილებით, მისი ბოლო განაცხადი ერთად მოვისმენთ ყველამ – იგი დღეს არის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი და უახლოეს ხანში პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს. თუ დააპირებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მას დაველაპარაკებით“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

დღეს ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დაფუძნდა. პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი კი ბადრი ჯაფარიძეა. პარტიის დამფუძნებლები ასევე არიან „შენების მოძრაობისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ წევრები.

დატოვე კომენტარი