გიორგი კვირიკაშვილი - დავით ნარმანია ზედმეტი ხმაურის გარეშე, დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ ასრულებდა მნიშვნელოვან სამუშაოს
„მინდა, დავით ნარმანიას მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ის ამ წლების განმავლობაში, ზედმეტი ხმაურის გარეშე, ძალიან დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ ასრულებდა მნიშვნელოვან სამუშაოს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს ნარმანიამ ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია წარმოადგინა.
„აქ არის უამრავი პროექტი, მხოლოდ რამდენიმეს ვიტყვი – ახალი ტფილისის პროექტი, სადაც 51 შენობა არამხოლოდ ფასადურად, არამედ მთლიანად გარემონტდა, აქედან 45 იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ეს არის სრულიად ახალი აშენებული გზები, როგორიც არის კრწანისი-ტაბახმელას გზა, სამებიდან მახათასკენ მიმავალი სრულიად ახალი გზა, ეს არის სრულიად ახალი რეაბილიტირებული გამზირი, მათ შორის, პეკინის გამზირი და პუშკინი ქუჩაზე აღდგენილი ორმხრივი მოძრაობა და ესტაკადა, რომელიც იქ დამონტაჟდა. ეს არის დახურული ბაღების ნაცვლად ახალი ბაღები, 12 ახალი ბაღი გაიხსნა და ბევრია მშენებლობაში. ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული ტრანსპორტი და ა.შ.
„მე მინდა, მადლობა გადავუხადო მას, ვუსურვო მომავალ საქმიანობაში ბევრი წარმატება და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ცხოვრება წინ მიდის და, რა თქმა უნდა, ყველანი ველოდებით სრულიად საფუძვლიანად, რომ კახი კალაძის მერობა იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი თბილისისთვის და ეს ასეც იქნება.
რა თქმა უნდა, კახის წარმატება ყველაზე მეტად, დარწმუნებული ვარ, დავითს გაუხარდება, იმიტომ რომ ის არის კარგი ადამიანი. დავით ნარმანია დარჩება ჩვენი გუნდის წევრად და განიხილება სხვადასხვა ვარიანტი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.